ირაკლი კაკაბაძე: ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები რომ 2007 წელს ,,გასხვისდა“, სააკაშვილის მომხრეებიც აღიარებენ, იმედია, გამოძიება ბოლომდე მივა

,,დეილი ნიუსის“ ინფორმაციით, გუშინდელი დღე ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის მანძილზე, რომელიც ბოლო 10 დღეა, გააქტიურდა.

გუშინ სომხურმა მხარემ სცადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქება, რომლიც სწრაფად აღკვეთა აზერბაიჯანულმა მხარემ. 6 ოქტომბრის მონაცემებით, გარდაცვლილია 4 000 სამხედრო პირი, დაღუპულები და დაჭრილები არიან მშვიდობიან მოქალაქეთა შორისაც. ყარაბახის კონფლიქტის მიმდინარეობაზე, მის შესაძლო შედეგებსა და კავკასიური გავლენების ახალ გადანაწილებაზე ,,კვირამ“ კომენტარი სთხოვა კონფლიქტოლოგსა და პუბლიცისტს, ირაკლი კაკაბაძეს:

-თქვენ, როგორც კონფლიქტოლოგი, რას ფიქრობთ ყარაბაღის აქამდე დაკონსერვებულ კონფლიქტზე, როგორი შეიძლება, იყოს მისი მოსალოდნელი შედეგი?

– ძალიან რთული და ტრაგიკული სიტუაცია შეიქმნა ყარაბაღში. საშინელი მსხვერპლი მოჰყვა ბოლო ერთი კვირის მოვლენებს. ომი, თავისთავად, დიდი უბედურებაა და ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ მისი შეჩერება, თორემ მეზობელ ტერიორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებები აუცილებლად გადმოვა ჩვენს ტერიტორიაზეც. შედეგის პროგნოზირება არ არის სერიოზული საქმე. ერთი რამ კი ცხადია: თუ კონფლიქტი ამ ინტენსივობით გაგრძელდა – მთელი კავკასიისათვის ის ნამდვილად კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ამის თქმა თამამად შემიძლია. რაც მალე შეწყდება სამხედრო ქმედებები – მით უკეთესი.

– ყარაბაღის კონფლიქტი რას უქადის კავკასიის რეგიონს?

–  ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს – ეს იქნება მთელი კავკასიის დანაკარგი. ძალზე სახიფათო ობიექტებია, ერთი მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავი და, მეორე მხრივ, ატომური ელექტროსადგური სომხეთში. ამ ობიექტების აფეთქება გამოიწვევეს არნახული მასშტაბის კატაკლიზმებს, რომელთაც რეგიონი უბრალოდ ვერ გაუძლებს, მათ შორის – ჩვენი ქვეყანაც. ამიტომაც, ომი და ძალადობა რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

-ხომ არ ისარგებლეს კავკასიით დაინტერესებულმა ზესახელმწიფოებმა – რუსეთმა და თურქეთმა ამერიკის არჩევნებით მაშინ, როდესაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და კავკასიური პრობლემებისთვის დიდად არ სცხელა?

– რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონის ზე-სახელმწიფოები ამ კონფლიქტში სერიოზულ ინტერესებს ატარებენ. ცხადია, რუსეთსა და თურქეთს შორის დიდი ხანია, მიდის დაპირისპირება კავკასიის რეგიონისთვის. თურქეთის ახალი ლიდერშიპი ოსმალეთის იმპერიის აღდგენის იდეით არის შეპყრობილი. ერდოღანის ქმედებები აშკარად ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ აპირებს მთელს კავკასიაზე ჰეგემონიის მოიპოვებას. ეს ხდება არა ნატო-ს სამხედრო ალიანსის, არამედ – პანთურქული იმპერიალიზმის კონტექსტში, რაც აშკარად იგრძნობა ერდოღანის გამონათქვამებშიც. აზერბაიჯანის ასეთი აშკარა მხარდაჭერის გამო, მას უკვე შეექმნა უსიამოვნო სიტუაცია საფრანგეთთან საკმაოდ დაძაბული სიტუაცია აქვს ნატო-ს მოკავშირეს სახელმწიფოსთან – საბერძნეთთანაც. თურქეთის პრეზიდენტის ქმედება არ ჰგავს ნატო-ს ალიანსის ქვეყნის ქმედებას. ის უფრო მისი ახლო მოკავშირეების –  პაკისტანისა და ავღანეთის გადადგმულ ნაბიჯებს წაგავს. ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი სომხეთის წინააღმდეგ არ წავლენ ბევრი მიზეზის გამო.

პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ დიდძალი სომეხი ამომრჩეველი. დღეს იგეგმება სომეხი ამომრჩევლების მიტინგი ვაშინგტონში. რუსეთს, ცხადია, თავისი ტრადიციული იმპერიული ინტერესები აქვს რეგიონში და მას არ უნდა კავკასიის დათმობა. თუ თურქეთმა და რუსეთმა შეძლეს გაერთიანება კავკასიის კონტექსტში, ეს ყველაზე ცუდი სცენარი იქნება რეგიონისთვის, რომელიც კავკასიის კიდევ დიდი ხნით დამონებას მოასწავებს.

-უკანასკნელი კვირის განმავლობაში საკუთარ ,,ფეისბუქგვერდზე,, ერთმანეთის მიყოლებით ამხილეთ თემურ ალასანიას, მიხეილ სააკაშვილისა და ირინა სარიშვილის აგენტურული საქმიანობა, თუმცა, ამის შესახებ 20-30 წელია, იცოდით. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ მთელი 9 წლის მანძილზე  იბრძოდით, ყოფილი პრეზიდენტის აგენტურულ საქმიანობაზე კი მოლოდ დღეს ალაპარაკდით. რატომ?

-ეს არ არის მართალი. მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტობაში კი არ დამიდანაშაულებია, უკვე 2005 წლიდან ვამბობ, რომ ის გახლავთ რუსული კგბ-ს ლეიტენანტი – ანუ ოფიცერი. ეს ფაქტია 1980-იანი წლების ბოლოდან, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ კგბ-ის ჯარებში მსახურობდა. ის აგენტი კი არ არის, ოფიცერია, ხოლო ბიძამისი, თემურ ალასანია, უფრო მაღალი რანგის ოფიცერი, დეზინფორმაციისა და პიარის დარგში სერიოზული სპეციალისტია. აგენტი არის არასწორი ტერმინი ამ ადამიანებისთვის. ვინ ვისი აგენტია – ამის დადგენა ძალიან რთულია და ამის დაბრალება ყველასთვის შეიძლება. მაგრამ, როდესაც ადამიანი ოფიციალურად მუშაობს საბჭოთა კავშირის  ან რუსეთის უშიშროების ან საგარეო უწყების დაქვემდებარებაში – ეს უკვე ყველა კითხვას ხსნის. სწორედ ამაზე ვწერდი ჩემს სტატუსში, რომელშიც უბრალოდ გავიხსენე ჩემი შეხვედრა 1991 წელს სენატორ ჯესი ჰელმსთან და USIA-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტის უფროსთან, რომელმაც იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მაშინ ზვიად გამსახურდიასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობდა ,,პოდრაბინეკის ჯგუფი“, რომელიც გამოსცემდა პერიოდულ ჟურნალ ,Georgian Chronicle-ს და რომელსაც ამერიკაში ავრცელებდნენ ძმები – ედუარდ და თენგიზ გუდავები. მათ შეადგინეს ეგრეთ წოდებული რეზოლუცია ნომერი 24, 1990 წლის შუაგულში, სადაც დაიწყეს Fake News-ების კამპანია ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. 1991 წელს ვაშინგტონში, პრაქტიკულად, ყოველ დღეს იგზავნებოდა კგბ-ის დაფინანსებით გამოცემული პუბლიკაციები, რომელსაც Georgian Chronicle ერქვა. და ამ პუბლიკაციათა კონტენტის ერთ-ერთ ავტორად მოიხსენიებოდა განათლებული და ნიჭიერი პიარ სპეციალისტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაშინ კიევიდან თუ თბილისიდან გამართულ ინგლისურ ენაზე აწვდიდა ეროვნული ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციას. ეს იყო და ეს. არის აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის სურათი, რომელიც მან ,,პოდრაბინეკის ჯგუფთან“ ერთად გადაიღო პრაღაში, 24-ე რეზოლუციის მიღების დროს, 1990 წლის ივლისში, არსებობს სხვა, სერიოზული მტკიცებულებებიც. რაც შეეხება ირინა სარიშვილს, მე ის ჩემს პირველ წერილში, პრაქტიკულად, არც მიხსენებია. თუმცა, ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ის რატომღაც საკუთარი შარვლიდან ამოხტა და ჩემ წყევლა-კრულვა-გინებას მოაყოლა ის, რომ მიშა სააკაშვილი კი არა, თავად არის კგბ-ის მთავარი გენერალი და ,Georgian Chronicle-ის სპინის ავტორი. ეტყობა, სარიშვილი ემოციურად აფეთქდა, რადგან არ მჯერა, რომ ის კგბ-ს გენერალია და ამხელა ოპერაციების დამგეგმავი იყო. რც შეეება სააკაშვილის, ისიც კი მხოლოდ ლეიტენანტი იყო, რომელიც, თავისი გაქანებითა და ნიჭით, ქალბატონ სარიშვილს ბევრად აღემატება. ცხადია, დიდი შანსია, რომ ირინა სარიშვილი თანამშრომლობდა კგბ-სთან 1980-იან წლებში, როგორც თვითონვე ამტკიცებს თავისსავე პოსტში, თუმცა, იმაშიაც კი ეჭვი მეპარება, რომ მას ოდესმე თუნდაც ლეიტენანტის ჩინი ჰქონოდა. მისი თანამშრომლობა კკბ-სთან, ალბათ, როგორც სენატორი ჰელმსი გვეუბნებოდა, არაფორმალური კოლაბორაცია იყო. შეიძლება, ასეც არ ყოფილიყო და სარიშვილი უბრალოდ გავლენის აგენტი იყო, რომელზეც არაპირდაპირ მოქმედებდნენ. ძმები გუდავებისა და ,,პოდრაბინეკის ჯგუფის“ შესახებ ჯერ კიდევ 1991 წლიდან ვწერდი. ჩემი წერილი ,,საქართველოს რესპულიკაშიც“ კი გამოქვეყნდა 1991 წლის გაზაფხულზე და ამის შესაებ არაერთელ მისაუბრია ,,ამერიკის ხმითაც“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებითაც. რაც შეეხება თემურ ალასანიასა და მიშა სააკაშვილის პირდაპირ სამსახურებრივ აფილირებას საბჭოთა კგბ-სთან, ამაზე მუდმივად ვწერ 2005 წლიდან – მას მერე, რაც ზურაბ ჟვანია ტრაგიკულად დაიღუპა. ფაქტების გადამოწმება ადვილია ჩემს პუბლიკაციებში. სტენფორდის უნივერსიტეტის ჟურნალ ,Arcade-შიც გამოქვეყნებულია ჩემი წერილი თემურ ალასანიას, რუსეთის უშიშროების გენერლის შესახებ. ასე რომ, მე დიდი ხანია, ვლაპარაკობ ამ ფაქტებზე. ირინა სარიშვილი კი არც ახლა მიმაჩნია ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად, რომ მასზე ვწერო და ვილაპარაკო. ბევრი ფაქტორის გამო.

-საქართველოს პროკურატურამ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის მოღალატეობრივად გასხვისებაში ბრალი დასდო სააკაშვილის ხელისუფლებას და გამოძიება დაიწყო. რეალურ შედეგს მოიტანს ეს გამოძიება თუ თემა ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო ხმაურისთვის დასჭირდა?

-იმედია, რომ ეს გამოძიება დასრულდება და ჩვენ მოვახერხებთ სააკაშვილის მიერ გაყიდული ტერიტორების დაბრუნებას. სააკაშვილის მიერ გარეჯის ტერიტორიების გაყივა ცნობილი ფაქტია. იმას, რომ ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები 2007 წელს ,,გასხვისდა“, თვით ,,ნაციონალური მოძრაობის,, მხარდამჭერი ადამიანებიც აღიარებენ – რადგან ეს ცნობილი ფაქტია. ძალიან ცუდია, რომ 2007 წლიდან დღემდე ამ ფაქტზე საქმე აღძრული არ იყო. იმედია, ახლა ეს გამოსწორდება.

-ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები რა გავლენას იქონიებს საქართველოში გაყინულ კონფლიქტებზე?

-ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები მთლიანად რეგიონზე იმოქმედებს. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას სწორ გამოსავალს მომავლისათვის. ეს არის მთლიანად სამხრეთ კავკასიის ,,მშვიდობის ზონად“ გამოცხადება და მოძრაობის დაწყება ,,კავკასიის კავშირის“ ჩამოსაყალიბებლად. ეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ,,მწვანეთა მოძრაობის,, იდეა, რომელიც მათ 1990 წელს წამოაყენეს. ერთადერთი სწორი გამოსავალია დღევანდელი სისხლიანი კონფლიქტებიდან. კავკასიის ზესახელწიფოებრივი კონსტალაცია არის ყველაზე სწორი გამოსავალი ამ კონფლიქტების კონსტრუქციულად მოგვარებისათვის. კავკასია გახდება სწორედ ის ,,მშვიდობის ზონა“, რომელიც შეძლებს თანაცხოვრებას – სხვანაირად, კავკასიაში სტაბილური სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები