შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის – ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. ISO 21001:2018 კატეგორიის სერტიფიკატი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის სერტიფიკატის მიღების პროცესი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის – „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ – დაფინანსებითა და მასერტიფიცირებელი ორგანოს – „ბიურო ვერიტას ჯორჯია“ ჩართულობით განხორციელდა.
“ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ორიენტირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემის გაძლიერებაზე, მათი მომსახურებისა და პროდუქტების ხარისხის ამაღლებაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 21001:2018 სერტიფიკატი აქვს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.