“ყველას მოვუწოდებ, ასჯერ გაზომონ თავიანთი სიტყვა, განსაკუთრებული სიფრთხილით დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები უპასუხისმგებლობით გამოირჩევა.
„ჩვენ ქვეყანას აქვს გამორჩეული ისტორია და ტრადიციები განსხვავებული ეთნიკური წარმომადგენლების ერთად, ჰარმონიული ცხოვრების. ეს ტრადიცია და დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი პატივითა და ღირსებით გავაგრძელოთ. ყველას მოვუწოდებ, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, ასჯერ გაზომონ თავიანთი სიტყვა და ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილით დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები, რამდენადაც ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ჩვენი მოქალაქეების საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში ტრადიციული ჰარმონიული დამოკიდებულება. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, ვისთანაც გვაქვს გამორჩეული ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში, თუ სურვილი ექნებათ მხარეებს, მზად ვართ, შუამავლის როლი ვიკისროთ ან იმ ფორმით ჩავერთოთ, როგორც მათ დასჭირდებათ. სააკაშვილმა ერთი განცხადება გააკეთა, მერე აღმოაჩინა, რომ მის განცხადებას ჰყავდა მოწინააღმდეგეები, მერე გადააკეთა, ხვალ მესამედ გადააკეთებს. მისთვის განცხადებების შინაარსის ცვალებადობა, ეს არის ჩვეული უპასუხისმგებლო სტილი“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის კატეგორიული მოწინააღმდეგეა. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ეთნიკურად სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები გამოიყვანა, რომლებიც ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის პოზიციას აპროტესტებდნენ.