ეკონომიკის საკითხების ექსპერტის, დემურ გიორხელიძის განცხადებით, ყარაბაღის ომი საქართველოს ეკონომიკაზე მაინცდამაინც დიდ გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თავისთვად ცხადია, მეზობელ ორ სახელმწიფოში ომი სულაც არ არის ის მოვლენა, რომელიც დადებითად, რაიმე სახით აისახება საქართველოზე. თუმცა, ამ ომს არ ვუყურებ, როგორც იმის პერსპექტივას, რომ ეს შეიძლება, ხანგრძლივ დაპირისპირებაში ან გლობალურ, რეგიონულ კონფლიქტში გადავიდეს. ეს წმინდა წყლის გეოპოლიტიკაა. ეს არ არის მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპრება. კონფლიქტი გაყინულია, ამ კონფლიქტს ძალით გადაჭრის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არც აზერბაიჯანის, არც სომხეთის საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა მზად არ არის დიალოგისა და დათმობებისთვის, სხვანაირად კონფლიქტი არ წყდება. ამიტომ, ეს იქნება და იქნება მანამ, სანამ თაობები არ შეიცვლება, უფრო გონიერ პოლიტიკაზე არ გადავლენ. დღეს რაც კავკასიაში ხდება, გეოპოლიტიკის გავლენაა, აქ არის ურთიერთგამოდევნის, უერთერთშესუსტების პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ ამას დიდ ომში გადაზრდის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. შეიძლება, აზერბაიჯანს ერთი-ორი რაიონის აღების საშუალაბა მიეცეს, რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე აიღოს, მაგრამ ის, რომ მან ყარაბაღის ოლქი აიღოს, ფაქტობრივად, გამორიცხულია”, – განაცხადა გიორხელიძემ.
მისივე თქმით, მსხვილი ინვესტორებისთვის ყარაბაღის ომი შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება. მანვე განმარტა, ექნება, თუ არა ლარის კურსზე გავლენა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
„ირიბი გავლენები არის, მაგრამ ეს არ არის ის გავლენა, რომელიც დომინირებულია და განსაზღვრავს მდგომარეობას. ჯერ ერთი, ლარის კურსი წელიწადში არაერთხელ ძალიან დიდი ამპლიტუდით თამაშობს. ეს არის არა მხოლოდ ობიექტური, ახლანდელი პანდემიის გავლენის და მსოფლიო პოლიტიკაში ცვლილებების შედეგი, არამედ სუბიექტური პოლიტიკის შედეგიცაა: შეცდომებია მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში. ამიტომ, აქ ახალი არაფერი მოხდება. ლარი აიწევს, ისევ დაიწევს და ა.შ. ეს ძალიან ცუდია ყველასთვის, ვინც ბიზნესთან და საგარეო ოპერაციებთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს- საქართველოში ინვესტორები მაინცდამაინც არ იკლავენ თავს. ეს ათწლეულები გრძელდება. არიან წვრილი ინვესტორები. თუმცა, მდგომარეობა იცვლება, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო თანხებს სჭირდება შედარებით მშვიდი განლაგების ადგილი. მსხვილი ინვესტორებისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის ომი არ არის შემაფერხებელი. წვრილ და ინდივიდუალურ ინვესტორებზე ამან შეიძლება, იქონიოს გავლენა და ვიღაცამ თავი შეიკავოს.
ეკონომიკაზე გავლენა ძალიან ბევრ რამეს აქვს. მსოფლიო ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და კიდევ უფრო უარესში იქნება. ბუნებრივია, ეს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს. უშუალოდ ეს ომი ქართულ ეკონომიკაზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს იმიტომ, რომ არა მგონია, იმ მთავარ წყაროებს, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს, განსაკუთრებით – ენერგომატარებლებს, რაიმე საფრთხე შეემქნას. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ძალიან კარგად იცის, რომ იმას, რაც გლობალურ ინტერესებშია, ხელი არ უნდა ახლონ, რადგან ეს ცუდად დასრულდება. გაზისა და ნავთობის გამტარ მილებს არაფერი ემუქრება. ეს ორივემ კარგად იცის“, – განაცხადა დემურ გიორხლეიძემ.
შეგახსენებთ, კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის 27 სექტემბერს, გამთენიისას განახლდა.
თამუნა შეყილაძე