რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ორი მეზობლის ომმა საქართველოს ეკონომიკაზე – ექსპერტის განმარტება

რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს კავკასიის რეგიონში არსებულმა მძიმე ვითარებამ, ორი მეზობლის ომმა საქართველოს ეკონომიკაზე? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

როგორც გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებს პრობლემა აქვს, ეს ჩვენ არ გვეხება.

„ფაქტობრივად, გავლენა უკვე მოახდინა კიდეც. პირველ ყოვლისა, არის ის საერთაშორისო გამოხმაურება, გაზრდილი პოლიტიკური რისკები, რომელიც ამ კონფლიქტმა წარმოშვა. ჩვენ ვხედავთ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს, რომელიც მიმდინარეობს ყარაბაღის ტერიტორიაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა იზრდება პოლიტიკური რისკები, როცა 2 ქვეყანა ასეთ საომარ დაპირისპირებაშია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც შეიძლება, რეგიონში წარმოიქმნას. ფინანსური რისკები ხომ არის დიდი ზეგავლენის მატარებელი ეკონომიკაზე, არანაკლები ზეგავლენის მატარებელია საომარი მოქმედებები იმიტომ, რომ ის ითვლება მაღალი დონის რისკად.

ზოგადად, აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი წამყვანი პარტნიორი ქვეყნები არიან როგორც ექსპორტის, ისევე – იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, როდესაც ვართ გარკვეულ კოოპერაციაში რეგიონის ქვეყნებთან და ამ ქვეყნების ეკონომიკაში დადგება პრობლემები, ბუნებრივია, ეს ჩვენზეც იმოქმედებს. თუ ეს ომი გაგარძელდება, ეს სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს აზერბაიჯანის, სომხეთის ეკონომიკაზე. შედარებით ნაკლებად იმოქმედებს, თუ ეს კონფლიქტი ხანმოკლე იქნება, თუ თვეობით არ გაგრძელდება, თუ ეს კონფლიქტი გადაიზარდა ფართომასშტაბიან შეტაკებებში და მოხდა მისი ინტერნაციონალიზაცია, ეს ყველაზე ცუდი, მაღალრისკიანი სცენარი იქნება. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება, მინსკის ჯგუფი აქტიურად განიხილავენ ამ კონფლიქტის შედარებით მშვიდობიან ფაზაში გადაყვანის საკითხს.

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთსა და აზერბაიჯანს თბილისში სთავაზობს, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ეს ძალიან კარგია, ეს სიგნალია ინვესტორებისთვისაც. თუ მართლა თბილისში მოხდა გარკვეული შეთანხმებების მიღწევა, ეს მხოლოდ პოზიტიურად წაადგება ჩვენს ეკონომიკას, ზოგადად, ქვეყნის პრესტიჟს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ცუდი სცენარის ნაწილია ლტოლვილთა ნაკადები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს.

„ყველაზე ცუდი სცენარის ერთერთი ქვესცენარია ლტოლვილების დიდი ნაკადი, თუ ფართომასშტაბიანი შეტაკებები დაიწყო. ლტოლვილების ნაკადი ორივე მხრიდან გვეყოლება, ჰუმანიტარულ კატასტროფამდეც შეიძლება, ეს მივიდეს. ჩვენ მოგვიწევს ამ ადამიანების მიღება, დაბინავება. ეს ჩვენს ეკონომიკაზე პირდაპირი ზეგვალენის ფაქტი იქნება, პირდაპირ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებს პრობლემა აქვს, ჩვენ ეს არ გვეხება. პირდაპირ გვეხება ყველაფერი. ჩვენც უნდა ვემზადოთ ამ ტიპის მოსალოდნელი სცენარების განვითარებისათვის. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი. შეფასებები, რომ იქნება ლიბანიზაცია და სირიიზაცია, ცოტა არასერიოზული მგონია. გარკვეულწილად, ჰიბრიდული ომის ნაწილიცაა ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება. ამას სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი აკეთებს. რუსეთს აწყობს დიდი არეულობა კავკასიაში, რომელიც წლებით გააჩერებს რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

გიორგი ცუცქირიძის თქმით, ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა უნდა ასახოს ის გამოწვევები, რაც ეკონომიკაშია.

„ჩვენ ამ წელს ვარდნა გვქნება ყველა შეფასებით, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეფასებითაც. ეს არის, სავარაუდოდ, 5 % -ის ფარგლებში, თუმცა, ყველა პორგნოზით მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა გვექნება, მინიმუმ, 4,5 %-ით. ეს ბიუჯეტთანაცაა კავშირში. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა უნდა ასახოს ის გამოწვევები, რაც ჩვენს ეკონომიკაშია. ბიუჯეტის პროექტით გაზრდილია ხარჯები, დაახლოებით, 17 მილიარდამდე, ასევე, ეს ხარჯები გაზრდილია საგარეო ვალის დაფინანსების ხარჯზე. მაგრამ არის გარკვეული პოზიტივიც. მთელი რიგი მუხლებია წარმოდგენილია, რაც ეხება სოციალურ დახმარებებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან არავინ იცის, როდის დადგება პოსტპანდემიური პერიოდი. რეალურად, ისევ პანდემიურ პერიოდში ვართ, ჩვენ კი არა მთელი მსოფლიო. ფაქტობრივად, მსოფლიო გადასულია კოვიდკრიზისის ერთიან სარტყელში. პროგნოზიებიც კი შეუძლებელია ასეთ პირობებში. სავარაუდო პროგნოზები კეთდება. სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აპირებენ, ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყონ კონსულტაციები, რომ შეიძლება, გადაიხედოს და დაზუსტდეს მაკროეკონომიკური პარამეტრები გლობალურ ბაზრებზე, თუ ცალკეულ ქვეყანაზე. მათ შორის, ნოემბერში საქართველოს მთავრობასთან ექნება მისიას შეხვედრა, სადაც დაზუსტდება არა 2021 წლის სცენარი, არამედ – 2021-24 წლების სცენარი. მაშინ უფრო ზუსტად დაკორექტირდება ბიუჯეტიც. ბიუჯეტი დიდწილად დამოკიდებული იქნება პანდემიური პერიოდის შეფასებაზე“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის 27 სექტემბერს, გამთენიისას განახლდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები