თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის და ის ჩატარდება.
მისივე თქმით, პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში ჩაატარონ.
„არჩევნები ჩატარდება. ამ ხნის განმავლობაში პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში ჩაატარონ. იმას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ჩვენც ველოდებოდით, ამაზე ვსაუბრობდით. ამ ვირუსთან ადაპტირება და თანაცხოვრება მოგვიწევს. პირველ ტალღასთან შედარებით, დღეს უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ამ ვირუსს. რა თქმა უნდა, ვიდრე არ იქნება ვაქცინა, უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის დარგის სპეციალისტებს და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც იძლევიან. იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ყველაზე მთავარია ელემენტარულის გაკეთება, პირბადის ტარება. ეს არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ ერთმანეთი არ დავაინფიციროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.