საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

“მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი“ ქართული და ფრანგული მხარეებისთვის უპრეცედენტო სწავლება იყო – მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ჯარების ისტორიაში, ფრანგმა სამხედროებმა სამთო მომზადება სხვა ქვეყანაში გაიარეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ და ფრანგ სამხედროებს „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსის“ წარმატებით დასრულება მიულოცა და სამთო მიმართულების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, სამთო მომზადების სკოლა ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის სიმბოლოა და მისი სამთო პროფილიდან გამომდინარე, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის წვრთნებისა და განათლების მრავალ ცენტრს შორის უნიკალურია. სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, საფრანგეთის მხრიდან ქართული სამთო სკოლისთვის თითქმის მილიონი ლარის ღირებულების სამთო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამინისტროს შორის გრანტის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. დოკუმენტს ხელი საფრანგეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა მოაწერეს.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტს უწყებრივი ჯილდო “ღირსეული პარტნიორი” გადასცა. კურსდამთავრებულებს კი, შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები