პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ა.ი-ს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ა.ი მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, ა.ი-მ ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ,,ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარედ , ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს – 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით.
ა.ი.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.