ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებსა და წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან დიასპორულ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის საქართველოს საელჩოსთან კორდინაციით გაწეული უდიდესი დახმარებისთვის.
დისტანციურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფელბიანი ელჩი – თეა კატუკია, საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი.
საქართელოს ელჩმა, თეა კატუკიამ მზადყოფნა გამოთქვა, გამართოს შეხვედრები დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებსა და ერთობლივად განიხილონ ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და ასევე, COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის განხორიცელება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უცხოეთში მყოფ თითოეულ თანამემამულეზე ზრუნვას.
შეხვედრის დასასრულ, მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებს ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას. მან აღნიშნა, რომ იგეგმება უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების განვითარებისა და მათი გამართული ფუნქციონირების მიზნით, პროგრამის – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა” განხორციელება, რომლის მიზანია ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს უზრუნველყოფა საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ინსტრუმენტებით.
ანალოგიური ონლაინ შეხვედრები უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებთან.