„რაღაც ეტაპზე ვიღაცამ საქართველოს ინტერესები გაყიდა“ – მამუკა არეშიძე იმ რუკებზე საუბრობს, რომლებიც დავით-გარეჯსა და სხვა ტერიტორიებს ეხება
“რაღაც ეტაპზე ვიღაცამ საქართველოს ინტერესები გაყიდა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ იმ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას ეხება.
როგორც მამუკა არეშიძე განმარტავს, როცა 1996 წელს აზერბაიჯანულ-ქართულმა კომისიამ მუშაობა დაიწყო, ისინი შეთანხმდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ რუკებს, რომლებიც 1938 წელს შეიქმნა.
მამუკა არეშიძის თქმით, არსებობდა ორი რუკა, რომელთა შორის სხვაობაც მასშტაბებშია: ერთია ზოგადი რუკა, 1 :500 000 მასშტაბის და მეორე, უფრო კონკრეტული, 1: 200 000 მასშტაბის. მისივე თქმით, სწორედ ამ მეორე კონკრეტული რუკის მიხედვით, საკამათოც არაფერია, რადგან კარგად ჩანს, რომ დავით გარეჯის კომპლექსის საკამათო ნაწილები საქართველოს მხარესაა.
როგორც არეშიძემ განაცხადა, ეს 1: 200 000 მასშტაბის რუკა, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიდა კომისიას, ქვეყნიდან გამქრალი იყო.
„1938 წელს ხელი მოეწერა დოკუმენტს საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის განსაზღვრის თაობაზე. ამ დოკუმენტის საფუძველზე, შედგა რუკები. ეს რუკა იყო რამდენიმე, რომელთა შორის განსხვავება არის მასშტაბში. იყო 1:500 000-თან , ანუ 1 სანტიმეტრში 500 000 მილიმეტრი შედის. ეს არის გამყოფი ხაზის ზოგადი რუკა. ასევე, იყო მეორე რუკა, 1: 200 000-თან, ბევრად უფრო კონკრეტული, რომელიც ისევ ამ გამყოფი ხაზის კონფიგურაციას გულისხმობს. როცა 1996 წელს აზერბაიჯანულ-ქართული კომისია შეიქმნა, ისინი შეთანხმდნენ, რომ დაეყრდნობიან იმ რუკებს, რომლებიც 1938 წელს შეიქმნა. საქმეც ისაა, რომ კომისიის ან შეცდომა ან გადაცდომა ან არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება ჩანს იქედან, რომ დასაყრდნობად ზოგადი რუკა აირჩია. ეს იყო 1938 წლის რუკა, ოღონდ – 1:500 000 მასშტაბის. საფუძველშივე იყო დაშვებული შეცდომა, გადაცდომა ან შეიძლება რაღაც მერკანტილური მოსაზრების გამო მოხდა, ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ. ეს რაც შეეხება გარეჯს. ახლა კითხვა ჩნდება – რას შეეხება 2006-07 წლების დოკუმენტი? ეს არ არის გარეჯის თემა. ეს უკვე საზღვრის სხვა მონაკვეთების თემაა, რომელიც იყო შეთანხმებული. კომისიამ დაიწყო მუშაობა, მივიდა 2006 წლამდე, საზღვრის 60 % შეათანხმა, გარეჯი ვერ შეათანხმა. ამ 60 %-ის შეთანხმებაშიც დაშვებულია გადაცდომები, ხშირ შემთხვევაში, არა – საქართველოს სასარგებლოდ. ანუ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული რაოდენობა დაკარგულია. რაღაც ეტაპზე ვიღაცამ საქართველოს ინტერესები გაყიდა. ვიღაცამ გაყიდა, ეს კომისიის წევრი იქნებოდა, თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკი. მაგრამ მაღალი რანგის ჩინოვნიკების საქმე ხომ ისაა, რომ მთლიანი პროცესი აკონტროლონ? ეს რომ ასე ხდებოდა, ამაზე ჩვენ დიდი ხნის წინ შემოვკარით განგაშის ზარი. დაახლოებით, 5-6 წელია, მე, ჩემი კოლეგები მივხვდით, რომ არასწორად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და მაშინვე დავიწყეთ საუბარი ამაზე. ნელ-ნელა პროცესი მაღალ ეშელონებში ავიდა. რომ არა მთავრობაში ერთი ჯგუფის ძალიან დაინტერესება, რომელმაც მოინდომა ამ საქმეში ჩართვა და ამ საქმის გამოსწორება, შეიძლება, ჩვენი ხმა დარჩენილიყო ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. უწყებებში მყოფი კეთილსინდისიერი ადამიანების, გარეთ მყოფი ექსპერტებისა და კონკრეტული, რამდენიმე მსხვილი ჩინოვნიკის ინიციატვივებმა და აქტიურობამ განაპირობა ის, რომ დაიწყო ეს გამოძიებები და ამ რუკების ძებნა.
რუკების ძებნა, რომელიც ეხება გარეჯსა და სხვა ტერიტორიებს, დაიწყო კარგა ხანია. მოხდა ისე, რომ უშედეგო იყო ჩვენი ძალისხმევა. ამა წლის ივლისში ბოლოს და ბოლოს მიაგნეს ამ რუკას, არ მაქვს უფლება, ვთქვა, რომელ ქვეყანაში და როგორი ფორმით მოხდა ეს ამბავი. ეს რუკა საქართველოში იქნა დაბრუნებული. ამ რუკის მიხედვით საკამათოც არაფერია, კარგად ჩანს, რომ გარეჯის კომპლექსის საკამათო ნაწილები საქართველოს მხარესა, სამწუხაროდ, ბერთუბანი – არა. მანამდე საქართველოში ეს რუკები გამქრალი იყო. ანუ 1996 წელს, როცა კომისიამ დაიწყო მუშაობა, 1:200 000-თან რუკის ორიგინალი საქართველოში არ არსებობდა. 1:500 000 -თან არსებობდა, მაგრამ ეს ზოგადი რუკაა. 1:200 000-თან რუკის ასლი არსებობდა, მაგრამ ასლი საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს დოკუმენტი არ არის. ქართულ მხარეს სერიოზული ბაზა იმისათვის, რომ მოლაპარაკებები ეწარმოებინა, პრაქტიკულად, არ ჰქონდა. არ მინდა, საზოგადოებამ იფიქროს, რომ ამ რუკის პოვნით დამთავრდა ყველაფერი და აზერბაიჯანული მხარე უკან წაიღებს თავის სიტყვებს. ეს ასე არ არის. ახლა ქართულ დიპლომატიას აქვს ძალიან სერიოზული დოკუმენტური ბაზა, რაც არ ჰქონდა მანამდე. აქედან გამომდინარე, უკვე ყველაფერი მათ შესაძლებლობებზე, მოქნილობასა და აზერბაიჯანული მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ანუ ბრძოლაა საჭირო“, – განაცხდა არეშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. “მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას. საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
თამუნა შეყილაძე