“ლიბერთის” და UNFPA- ს პარტნიორობის ფარგლებში 60 + კლუბების დაფუძნება დაანონსდა
1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, გაფორმდა მემორანდუმი ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, და თეა ჟვანიამ, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მაკარიძემ. ლიბერთი ბანკი, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი და ხანდაზმულთა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშემწყობი, აქტიურად დაუჭერს მხარს რუსთავის 60+ კლუბის საქმიანობას.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის” წევრობაზე დაფუძნებული კლუბია, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ.
კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
60+ კლუბების სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კლუბის წევრებს აქტივობები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ.
პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას. გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა: თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-სშეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებლი 19%-ს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის კი საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების _ 80,8 წლამდე; მამაკაცების _ 74,2 წლამდე.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხანდაზმული მოქალაქეების წინაშე მდგომ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხოს. „60+ კლუბების” შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებულია მოსახლეობის დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ინიციატივა „60+ კლუბების” დანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.