ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხონის მუნიციპალიტეტში ძეძილეთი-გორდი-ნოღისგზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.
აღნიშნული გზით ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.
ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. აღნიშნული გზა სოფლებს: გაღმანოღა, გამოღმანოღა და ძეძილეთი, საქართველოს საავტომობილო გზების ქსელთან აკავშირებს.
“პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 16 541 661 ლარია. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.
პარალელურ რეჟიმი, ხონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათხოჯი-ხიდი-გორდა-კინჩხას გზის14 კმ-იან (კმ1-კმ14) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3.5 მლნ. ლარია”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.