თავდაცვის სამინისტრო: “ნაცმოძრაობისა” და “მთავარი არხის” ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე აბსურდულია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისა და ტელეკომპანია “მთავარი არხის” მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადების თანახმად, ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე სრულიად აბსურდულია და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენაა მიმართული.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისა და მათი პარტიული ტელევიზიის, „მთავარი არხის“ მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოსდა, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას.
ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. რაც შეეხება ფაქტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციის გამომძიებელსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტსა და ამ ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელი სრულად თანამშრომლობს. გამოძიების დასრულებამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები და ცილისწამება არის სრულიად მიუღებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.