ალექსანდრე მოწერელია: „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი – ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქის მიმართ
აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია 8 წლის წინ ,,ქართული ოცნების” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად, მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა.
“2012 წლის 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის. 8 წლის წინ, ამ დღეს, „ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად, მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი – ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქის მიმართ. ყველა ის რეფორმა, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ სასამართლოს, ჯანდაცვის, განათლების სისტემაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ქართველი ხალხის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დინამიკურად ვითარდება, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, იგება კეთილმოწყობილი გზები ქალაქებსა და სოფლებში, ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს გადიოდა გზა, აქტიურად ხდება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება. დემოკრატიის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში მიღწეული წარმატებების შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზნები ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეგიონების გაძლიერებაა. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება” ამ არჩევნებშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”- აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.