ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა

“მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ პროვოკაციის ფაქტები აღიკვეთოს.

როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ არაერთხელ მოახდინეს ინციდენტების აღკვეთა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერის მისვლა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე დაასახელა, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს იწვევდნენ, თუმცა მათი მხარდამჭერები გაფრთხილებული იყვნენ, რათა პროვოკაციას არ აყოლოდნენ.
მისი თქმით, ბოლნისში „ქართული ოცნების“ შტაბთან იყო ინციდენტი და ასევე, მეორე შემთხვევაშიც მარნეულში მმართველი გუნდის შტაბთან მოხდა შემთხვევა.
„რა ესაქმებოდათ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების შტაბთან?! ორივე შემთხვევაში ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მარნეულში, გუშინ მომხდარი ინციდენტის მიზეზზეც ისაუბრა.
„გუშინაც იგივე მოხდა. დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტს და ამაზე იყო ის რეაქცია, რაც იყო. ჩვენი მოწოდებაა, უმძიმეს პროვოკაციებსაც კი არ უნდა აჰყვეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, აქაც უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც დედას გაგინებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
​ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე პროვოკაციები კიდევ იქნება და უფრო მეტად დამძიმდება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები