სახალხო დამცველის აპარატი მარნეულის მოვლენებზე – იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება

სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან, – ამის შესახენ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

„ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).

ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა და ძალადობის ბრალდებით.

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები