ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენისათვის, რომელიც ადამიანის უფლებებს, სოციალური უფლებების გაძლიერებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხებოდა.
“მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის პრიორიტეტებზე, რომელიც სასამართლო რეფორმას, ოჯახური ძალადობისა და ქალთა და გოგონათა სოციალური უფლებების გაძლიერების მიმართულებით განხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქალთა და გოგონათა სოციალური უფლებების გაძლიერების მიმართულებით ყველა ახალი სასარგებლო იდეისა და ინიციატივის განხორციელების ნაწილში. შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს ასევე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მნიშვნელობაზე და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ მიმართულებით საერთაშორისო დონორების მხარდაჭერისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საექსპერტო ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.