„ყარაბაღის კონფლიქტში რუსი ჩარეულიც არის და ადგილზე სიტუაციასაც აკონტროლებს“ – ზაალ კასრელიშვილი

“ილუზია იმისა, რომ რუსი ყარაბაღის კონფლიქტში არ ერევა, არ გვაქვს, რუსი იქ არის, ადგილზეა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

კასრელიშვილმა რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ ისაუბრა.

„ფაქტია, რომ აზერბაიჯანი თითქმის აკონტროლებს იმ ტერიტორიებს, რომელიც ყარაბაღის ფარგლებს გარეთაა. მოლაპარაკებების წინაპირობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ ეს სადავო ტერიტორიები იყო. როგორც ჩანს, ამ 7 რაიონის სრული კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება. თუმცა, ეჭვი გვეპარება, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ტერიტორიების დაბრუნებით დაკმაყოფილდეს, იმდენად გართულებულია ვითარება.

ის, რაც ხდება ყარაბაღში, არის შედეგი. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ წლების მანძილზე ე.წ. დაკონსერვებული კონფლიქტი. ეს არის პირდაპირი გაგრძელება გავლენების სფეროებისათვის ბრძოლისა რუსეთსა და თურქეთს შორის. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანლობა იბრძვის, აღადგინოს საბჭოთა კავშირი გავლენების ტერიტორიებზე. თურქეთი ამას ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში გავლენების აღდგენის სურვილს უპირისპირებს. რამდენად ჩაერევა ამ კონფლიქტში რუსეთი და თურქეთი? იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის დონეზე, თურქეთს უფლება აქვს, კონფლიქტში ჩაერიოს, რადგან აზერბაიჯანი მისი სტრატეგიული პარტნიორია. რუსეთს დიდი რაოდენობით ტექნიკა აქვს სომხეთის ტერიტორიაზე, სამეთაურო შტაბებიც რუსი გენერლებითაა დაკომპლექტებული. ილუზია იმისა, რომ რუსი ამ კონფლიქტში არ ერევა, არ გვაქვს. რუსი იქ არის, ადგილზეა, მაგრამ ღიად უჭირის ამის გაკეთება რამდენიმე მიზეზის გამო: ერთი, რომ ძალიან არ უნდა თურქეთთან დაპირისპირება. კრემლი დიდი ხანია, მიხვდა, რომ ნატო მას თურქეთის ენით ელაპარაკება. მეორეც – იურიდულად არ აქვს უფლება. თუმცა, არაპირდაპირ ჩარეულიც არის, ადგილზე სიტუაციასაც აკონტროლებს და, ლოგიკის დონეზე თუ ვიმსჯელებთ, სომხეთის არმია იბრძვის რუსული ტექნიკით. რუსეთს, ალბათ, გაცნობიერებული აქვს, რომ მოუწევს, სომხეთს ყარაბაღის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა ტერიტორიები დაათმობინოს. მაგრამ, შემდეგ ის ეცდება, რომ სამხედრო დაპირისპირება გადაიყვანოს დიალოგში. რუსეთს არ უნდა, გაიმეოროს სირიის შეცდომები, როცა, შეიძლება ითქვას, თურქეთმა მთელს საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენა, რომ რეალურად შესწევს ძალა, რუსეთის სამხედრო აგრესიას აღუდგეს წინ. დაიწყება დიალოგი თურქეთსა და რუსეთს შორის. ვფიქრობთ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება. პარალელურად, რუსეთი შეეცდება, შევიდეს ისეთ კონტაქტში თურქეთთან, რომ შემდგომ პრობლემები არ გაუჩნდეს სამხრეთ კავკასიაში, ცხინვალსა და აფხაზეთში, მით უმეტეს, ჩრდილო კავკასიაში.

ასე რომ, ჩვენ ველოდებით სამხედრო დაპირისპირების დამთავრებას კონკრეტული ტერიტორიების აღების შემდეგ, ამის შემდეგ კი ველით დიალოგს.

საქართველოს აქამდეც უნდა გამოეჩინა ინიციატივები. ახლაც უნდა იჩენდეს დიალოგის ინიციატივებს. ჩვენ ადრე ასეთი შეთავაზება გვქონდა: მოლაპარაკებები აფხაზეთსა და ოსეთზე გაიმართოს ბაქოში, ხოლო ყარაბაღზე – თბილისში. ასე არ ხდება, სამწუხაროდ“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ე.წ.მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები