მამუკა მდინარაძე: მადლობა ჩვენს “სამაგალითო“ ოპოზიციას, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს
“მადლობა ჩვენს “სამაგალითო“ ოპოზიციას – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძემ “პატრიოტთა ალიანსსაც” “მადლობა გადაუხადა”.
„მადლობა ჩვენს „სამაგალითო“ ოპოზიციას – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს. ისინი იმის მაგალითიც გახლავთ, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, რომ სიცრუით ამ ქვეყანაში გამარჯვებას ვეღარასდროს მოიპოვებ. მადლობა „პატრიოტთა ალიანსს“, რომელთა მაგალითზეც დავრწმუნდით, რომ რაც არ უნდა პატრიოტული სახელი დაირქვა და პატრიოტული მესიჯები გაახმოვანო, ქართველი ხალხი ოკუპანტის ნარატივით პოზიციონირებას არასდროს გაპატიებს. გულწრფელი მადლობა ჩვენი გუნდიდან გასულ დეპუტატებს, რომლებმაც ძალიან ნაყოფიერად იშრომეს ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან ერთად, რომლითაც ასევე დაგვანახეს, როგორი არ უნდა იყოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ზოგ შემთხვევაში, ემოციურ ფონზე, თუმცა, მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ყველაფერი მაინც შედარებითია“, – განაცხადა მდინარაძემ.