“ჩვენი ოპონენტების სურვილია და მათ ქმედებებშიც გამოიკვეთა, რომ სურთ, პროვოკაციით სიტუაცია დაძაბონ”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, ოპონენტების განცხადებები არა რეალურ ფაქტებს, არამედ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება.
“ჩვენი პარტიისა და ხელისუფლების, ქვეყნის ინტერესში შედის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა რაც შეიძლება მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ეს არის ნებისმიერი ხელისუფლების სურვილი, მით უმეტეს, “ქართული ოცნების”, რომელსაც სხვა პარტიებთან მიმართებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს და ჩვენი ინტერესია, რომ პროცესი წარიმართოს ძალადობის გარეშე. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერ მოძალადე პირთან მიმართებით იქნებიან უმკაცრესნი.
ჩვენი ოპონენტები არაერთხელ ყოფილან ძალადობის პროვოკატორები და ახდენდნენ ამ ძალადობის ინსპირირებას, გაიხსენეთ არაერთი მოვლენა ამ პარლამენტის გარშემო, როცა აგრესიულად ხდებოდა პოლიციასა და ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმა. აქედან გამომდინარე, მათი შეფასებები ეფუძნება არა რეალობას, არამედ – იმ პოლიტიკურ სურვილებს, რომლებიც მათ გააჩნიათ. სახელმწიფოსა და ხელისუფლევის სურვილია, იყოს მშვიდობა, მით უმეტეს, იმ ხელისუფლების, რომელსაც აქვს სერიოზული უპირატესობა ოპონენტებთან მიმართებით. ამიტომ, ყველა ასეთი ბრალდება არის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს”, – განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დაუშინეს. ის აღნიშნულს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს.