“ჩაის ველოდებოდით და მოულოდნელად ბეჭებში მომხვდა უკნიდან რაღაც” – რა მოხდა სოფელ ნახიდურში და რას ყვება დაზარალებული

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ერთ-ერთ ჩაის სახლში ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“რეგიონული კვირა” საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან” გოჩა მეშველიანს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან პროვოკაცია ჩაის სახლთან იმ დროს დაიწყო, როდესაც “ქართული ოცნების” წევრები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ.

„დღეს ჩვენ აქტივთან ერთად ჩამოსული ვიყავით ბოლნისის რაიონში, სოფელ ნახიდურში. ზონის უფროსი გახლავართ მე ამ კონკრეტულ ნახიდურის და თამარისის თემში. ჩვენი აქტივის წევრები შტაბიდან სოფელ ნახიდურში, ჩვენი ოფისიდან 50 მეტრის მოშორებით არის ჩაის სახლი და ამ ჩაის სახლის მეპატრონის თანხმობით აკრავდნენ პლაკატებს. ჩვეულებრივი სააგიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, როგორც ხდება წინასაარჩევნოდ.  ჩვენი 6 აქტივისტი იყო და მათი მისამართით ჩაის სახლის ღია ეზოდან წამოვიდა ლანძღვა-გინება რომ ნუ აკრავთ ამ პლაკატებს და მსგავსი. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი ჩაის სახლში ისხდნენ და ელოდებოდნენ ჩაის, მოულოდნელად ლევან ქუქოშვილის მისამართით უნდოდათ რაღაც ნივთის ჩარტყმა, რა დროსაც, ჩვენი მეორე აქტივისტი გადაეფარა. მე ამ ხმაურზე ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვედი სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გამოვიყვანე ჩვენი აქტივისტები, გამოვარიდე იმ ტერიტორიას და დავბუნდით ჩვენი შტაბის ტერიტორიაზე. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ შტაბის ტერიტორიაზე არიფ იუსუბოვი მოვიდა, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივის ხელმძღვანელია სოფელ ნახიდურში, ხელკეტით შეიარაღებული იყო. თავის მეგობრებთან ერთად იყო. თავს დაესხნენ ჩვენს აქტივის წევრებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. არიფ იუსუბოვმა ხის მასიური რაღაც საგანი ჩაარტყა თავში ჩვენს აქტივისტს და მიიღო მძიმე დაზიანება. “ქართული ოცნების” აქტივისტებს არანაირი ხელკეტები არ ჰქონდათ.
“,- ამბობს გოჩა მეშველიანი.

“რეგიონული კვირა” ერთ-ერთ დაზარალებულს, ლევან ქუქჩიშვილსაც დაუკავშირდა. ქუქჩიშვილი ყვება, რომ პლაკატების გაკვრის შემდეგ, ჩაის სახლში მოულოდნელად თავს უცნობი პირი დაესხა და ზურგში დაარტყა. დაზარალებული ამბობს, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება არ შეუძლია თუმცა, მისი ინფორმაციით, იგი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი იყო.

„ჩაის დასალევად შევედით ჩაის სახლში, მანამდე ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აკრავდნენ პლაკატებს და მათი მიმართულებით დაიწყეს გინება და შეურაცხყოფა. მე და ჩემი მეგობარი ჩაის ველოდებოდით და მოულოდნელად ბეჭებში მომხვდა უკნიდან რაღაც ვერ დავინახე ვინ ჩამარტყა და რა მომხდა მეორედაც საანგარიშო „ჩოტკი“ უნდა ჩაერტყა და ჩემმა მეგობარმა შეუშალა ხელი თორე გამიპობდა თავს. როგორც გავარკვიე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იყვნენ. იმათი მხრიდან წინასწარ დაგეგმილი იყო თუ არა არვიცი ჩვენ უბრალოდ შევედით ჩაის დასალევად. ერთ-ერთი ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არიფ იუსუბოვი, თუმცა მან ჩამარტყა თუ არა ზუსტად არ ვიცი“, – ლევან ქუქჩიშვილი.

სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები