ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სოფელ ჭაქვინჯში, ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

,,თხილი სტრატეგიული კულტურაა, როგორც მთლიანად სამეგრელოსთვის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, ამ კულტურას მოაქვს მნიშვნელოვანი დოვლათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს თხილის სექტორის განვითარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ საწარმო ,,ნატს ჯი”-ს ვესტუმრეთ, საწარმო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდში 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა, მათ შორის თხილის გადამამუშავებელი 8 საწარმოა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა 17 აგროსაწარმო.

სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა ფერმერის ალექს ანტონიუკის თხილის პლანტაციაში ყოფნისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,ახალგაზრდა ფერმერს, სოფელ ჭაქვინჯში, თხილის სხვადასხვა ჯიში 13 ჰექტარზე მოჰყავს. ფერმერი პლანტაციაში სახელმწიფოს დახმარებით წვეთოვანი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რაც მის მოსავალს და პროდუქციის ხარისხს გაზრდის. ფერმერთა ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბაღების გაშენებასთან ერთად, სახელმწიფო ფერმერებს უკვე გაშენებულ ბაღებში შესაძლებლობას აძლევს სარწყავი სისტემა მოაწყოს, რისთვისაც 50%-იან სუბსიდირებას ახდენს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები