1-ლი ოქტომბრიდან, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილება შევიდა. ცვლილება, პანდემიის დროს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისად, დანიშნული საჯარო განხილვები, რომელთა ჩატარების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დაგეგმილია 2020 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ჩატარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1-ელ ივნისს მიიღო და ის არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტსა და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე.
კოდექსი, გარემოს მნიშვნელოვანი ზემოქმედებისგან დაცვასთან ერთად, მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერ გათვალისწინებას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. შესაბამისად, გარემოსდაცვით შეფასებაში დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მისი ინტერესების გათვალისწინება პროცესის სამართლიანი წარმართვის აუცილებელი კომპონენტია.
ინფორმაცია დაგეგმილი ონლაინ განხილვების შესახებ განთავსდება https://mepa.gov.ge და https://www.facebook.com/eiecgovge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები