თბილისში ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმები წიკლაურების სახელი მიენიჭა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების – ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა. სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.
ძმები წიკლაურები 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სწორედ ძმები წიკლაურებისა და მათი მსგავსი გმირების თავდადებაზე დგას.
„დღეს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში ძმები წიკლაურების სახელობის სკვერი გაიხსნა. ძმები წიკლაურები აფხაზეთის ომის გმირები არიან, რომლებიც ბაბუშერაში დაიღუპნენ. ბაბუშერაში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მოხარულია, რომ ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ასეთი გმირების სახელების უკვდავყოფის მონაწილეა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან ის სწორი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ იმათ სულებს უკვდავყოფთ, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასქ და თავისუფლებას.
როგორც ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, იმ გმირების სახელები გავაცნოთ საზოგადოებას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირა თავი. მან თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას სკვერის სახელდებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ომში დაღუპული ძმების თანამებრძოლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები.
სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და აფხაზეთის ომების ვეტერანები დაესწრნენ.