კობა ლურსმანაშვილი: ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ ადამიანს, მის ინტერესს და სახელმწიფოს ვალდებულებებს მათ წინაშე

„ჩემთვის, როგორც ხარაგაულის მერობის კანდიდატისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ხარაგაულელის ცხოვრების დონის ამაღლება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ ადამიანს, მის ინტერესს და სახელმწიფოს ვალდებულებებს მათ წინაშე” -ამის შესახებ „ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულში, წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პატივია გახდე იმ მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც კულტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა მიმართულებებით ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ცხოვრებასა და დღევანდელობაში და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება.

„სრულად მაქვს გაცნობიერებული, რაოდენ დიდი პატივია გახდე მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც გააჩნია სოფელი ფარცხნალი, სადაც ერთმა სოფელმა ორმოცი პროფესორი და ოთხი აკადემიკოსი აღუზარდა სამშობლოს. დიდი პატივია გახდე იმ მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც კულტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა მიმართულებებით აქვს ძალიან დიდი წვლილი საქართველოს ცხოვრებაში და დღევანდელობაში და დღესაც ასე გრძელდება ეს ტრადიციები” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, პროფესიონალური შესაძლებლობების და დასაქმების კუთხით ხარაგაულში გადაულახავი პრობლემა არ იქნება. ამასთან, მან ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„როდესაც პრემიერმა ახსენა რიკოთის მოდერნიზაციის პროექტი, სადაც უდიდესი ფინანსები იხარჯება, დღესაც იქ მოთხოვნადია განსაკუთრებით ის პროფესიები, რომლითაც შეიძლება თითოეული ხარაგაულელი იყოს დასაქმებული. ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების გადამზადებას, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შემოსავლიანი სამსახურები მოიძიონ” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება” მოვიდა, ხარაგაულში არ დახვედრია დამოუკიდებლობის შემდგომ არცერთი ხელისუფლების მიერ გაკეთებული საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, ახლად აშენებული სკოლა, არცერთი სერიოზული მასშტაბური პროექტი.

„აქ ითქვა ძირულა-ხარაგაული -ჩუმათელეთის გზის შესახებ, რომლის ბიუჯეტიც 105 მილიონ ლარს შეადგენს. წარმოვიდგინოთ მუნიციპალიტეტი, სადაც ოთხი ახალი იუსტიციის სერვის ცენტრი ფუნქციონირებს და სადაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად, თავისივე სოფელში, მათთან ახლოს მიიღოს ორასზე მეტი სერვისი. „ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლისას დახვდა ამორტიზებული საბავშვო დაწესებულება. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოახერხა ათი ახალი ბაღის მშენებლობა, ორი წლის ბოლომდე დასრულდება. იქ სადაც ჩვენ ვდგევართ, უბისიდან ხარაგაულის მიმართულებით ხორციელდება ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის გზა, რომელიც აგრეთვე მოსახლეობისათვის იყო უმნიშვნელოვანესი. გზის მშენებლობის ღირებულება ცხრა მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. როდესაც მე ვსაუბრობ მიმდინარე პროექტებზე, თანხებზე, ეს ყველაფერი ციფრებშია გამოხატული. ხშირად გვესმის, განსაკუთრებით მართული პოლიტიკური პარტიების მიერ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ, რომ რეგიონებში არაფერი კეთდება, არ შენდება და საქმე წინ არ არ მიიწევს. შემიძლია მათ ვუპასუხო მობრძანდით ხარაგაულში და ერთხელ მაინც თქვენი არსებობის მანძილზე გააშუქეთ ისე პოზიტივი, რომელსაც ხედავს მოსახლეობა. მოსახლეობა ხედავს, რომ თქვენგან სიცრუის ტირაჟირებას აქვს ადგილი და ამიტომ, ისინი 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან მისულები იმ სიმართლით უპასუხებენ, რომელსაც ხედავენ, რომ ხარაგაული წინ მიიწევს ისე, როგორც არასდროს. წყლის სისტემები, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მათ შორის გაზიფიცირება, რომელიც არცერთ სოფელში არ ყოფილა” – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. აქვე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ქვევრში ღვინის დამზადების რვა ათას წლოვანი ისტორია გააჩნია და ეს იუნესკომ აღიარა, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი. „ოთხი წლის წინ ჟენევაში, შვეიცარიაში, გაეროს შტაბ ბინის წინ გამოიფინა ქვევრი, ნიშნად ჩვენი იდენტობისა. მიხარია და მეამაყება, რომ დღეს აქ ბრძანდება ამ ქვევრის ავტორი, ბატონი ზაალ ბოჟაძე. ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო და მათი ძლიერება. დიდი მადლობა ბატონ ზაალ. თქვენ ბრძანდებით „ქართული ოცნების” მხარდამჭერი. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ბრძანდებით ქმნიან საქართველოს მომავალს და ისინი არ დაუშვებენ, რომ საქართველოში „ქართულმა ოცნებამ”, პოზიტიურმა ძალამ არ გიმარჯვოს და არ დააბრუნებენ საქართველოს მწარე წარსულში. მოგიწოდებთ ხარაგაულელებო მხარი დაუჭიროთ პაატა კვიჟინაძეს მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას” უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას და მოგიწოდებთ, რომ ჩემთან ერთად დიდი პატივია ვაშენო ხარაგაული” – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები