საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
,,დღეს, კიდევ ერთხელ, ადგილზე გავეცანით საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს. კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ხარისხთან მიმართებით ვიქნებით შეურიგებლები. ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც კომპანიამ უმოკლეს ვადაში უნდა გამოასწოროს. შესაბამისი მითითებები უკვე მიცემულია. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,”- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.
საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც კახეთის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია და რეგიონში გადაადგილების ხარისხობრივად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ბადიაურთან ახალ სატრანსპორტო კვანძს, 4 ხიდს, 8 გზაგამტარსა და 86 წყალგამტარ მილს. პარალელურად, მოწესრიგდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რათა ახალი მაგისტრალი მაქსიმალურად ეფექტურად დაუკავშირდეს მიმდებარე გზებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობა, ასევე ინტენსიურად გრძელდება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
ახალი გზის ერთ-ერთი მთავარი ეფექტი დასახლებების განტვირთვა იქნება — მონაკვეთი გვერდს აუვლის ხუთ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს: თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს. შედეგად შემცირდება სატრანსპორტო ნაკადი სოფლების შიგნით, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოზე ზემოქმედება.
მაგისტრალური გზის ამოქმედების შემდეგ, გადაადგილების მანძილი 2 კილომეტრით შემცირდება, მგზავრობის დრო კი თითქმის განახევრდება, ხოლო გზის გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის სატრანსპორტო კვანძის მიმდებარედ ახალი სავაჭრო სივრცის მოწყობა. თანამედროვე, უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო შექმნის შესაბამის პირობებს ადგილობრივი მეწარმეებისთვის და გაზრდის მათი საქმიანობის შესაძლებლობებს.
ახალი კომერციული სივრცე იქნება მარტივად ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალით მოსარგებლეებისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.
ახალი მაგისტრალი სრულად იქნება შესაბამისობაში თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით. საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება – პროექტის ღირებულება 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასევე აქტიურად აგრძელებენ მუშაობას მაგისტრალის გაგრძელებაზე, რომელიც კახეთის მეოთხე და მეხუთე ლოტებს მოიცავს. აღნიშნულ პროექტებზე ტენდერი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გამოცხადდება.