“ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის უთანხმოების თაობაზე და იმაზე, თუ რა არის ამის ძირითადი მიზეზები” – ნიკოლოზ სამხარაძე
“ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის უთანხმოების თაობაზე და იმაზე, თუ რა არის ამის ძირითადი მიზეზები. მას იმ საგარეო ჩარევაზე ვუამბეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევნებში რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელდა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ლუქსემბურგის პარლამენტთან მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება.
“შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ საუბრისთვის და დიალოგისთვის მზად ვართ. მასაც კითხვა ჰქონდა, როგორ ვხედავთ, ამ ურთიერთობების განვითარებას. საუბარში ახსენა, რომ 2023 წელს, ლუქსემბურგმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ზოგადად, ლუქსემბურგი საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. შევთანხმდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მან გვითხრა, რომ თუ რაიმე კრიტიკული კითხვები აქვს ევროკავშირს, ეს დიალოგის ფორმატში უნდა იყოს განხილული.
მანვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ქართული მხარე ვიზიტით ლუქსემბურგში ჩავა და ლუქსემბურგელ დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა ხდება საქართველოში”, – აღნიშნა სამხარაძემ.