სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა – ილია თამარაშვილმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ქალთა ჩართვით მათი ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა და სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც გამიზნული იქნება ქალთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მომზადდეს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის (PGA) რეკომენდაციების საფუძველზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისთვის შემუშავდება ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც დაინერგება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში. სააგენტოს მხარდასაჭერად, შემუშავდება რეკომენდაციები, რათა მან მოკლე დროში შეძლოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოში შეიქმნება გენდერის საკითხებში მრჩევლის პოზიცია, რომელიც იქნება ძირითადი საკონტაქტო პირი ორგანიზაციებს შორის და მჭიდროდ იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კომპეტენციის განვითარების, გენდერული თანასწორობის სტანდარტებისა და ნორმების შემუშავების კუთხით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები