კახა კალაძე: წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე წყალტუბოში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტით, გამორჩეული ბუნებით, იმ უდიდესი პოტენციალით, რომელიც ამ ულამაზეს ქალაქს წყალტუბოს გააჩნია.
შეუძლებელია მომავლის უდიდესი იმედი არ გაგიჩინოს ამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებმა, რომელიც წყალტუბოს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში კვლავაც ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტად, ტურისტულ ცენტრად აქცევს და მთლიანად მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამის გარანტი, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, უანგარო ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც  მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.
წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება, რაც განვითარებულ ტურიზმს, ეკონომიკას, მეტი სიმდიდრის გაჩენას ნიშნავს. აუცილებელია ითქვას, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი თავისი მასშტაბებით, იმდენად გამორჩეულია, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მთელი იმერეთის რეგიონზე მოახდენს უდიდეს პოზიტიურ გავლენას.
განვითარება და ადამიანზე ზრუნვა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოსავალი წერტილია, რასაც ყველაზე უკეთ, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ხედავს. მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან, ქვეყანა და მათ შორის წყალტუბო მნიშვნელოვნად განვითარდა. იმ აღმშენებლობასთან ერთად, რომელიც მუნიციპალიტეტში ახლა მიმდინარეობს, განვლილი 8 წლის განმავლობაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები თუ პროგრამები განხორციელდა, რამაც მოსახლეობას მცირე ბიზნესის კეთების გამარტივებული შესაძლებლობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა შეუქმნა.
​კარგად გვესმის, რომ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე კვლავაც უამრავი გამოწვევაა, არსებობს პრობლემები, რომლებიც  ერთად, აქტიური თანამშრომლობით უნდა დავძლიოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის როლი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის როლის არის მნიშვნელოვანი.
​მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! გავიმარჯვებთ ერთიანი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდამხარ და ეს არი იქნება მხოლოდ პარტიული გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი  კანდიდატის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება!”-აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები