ლევან დავითაშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა გახსნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მონაწილეებს, მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. საქართველო გამორჩეულია კულინარიული ტრადიციებითა და გასტრონომიით, რაც დღეს მსოფლიოში ტურიზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული უპირატესობა აქვს და ჩვენი მიზანია, ქართული გასტრონომიული სიმდიდრე მსოფლიოს გავაცნოთ.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე არა მხოლოდ როგორც ცალკე დარგის განვითარებაზე, არამედ, ზოგადად, სოფლის განვითარებაზე, რაც სოფლის მეურნეობასთან სხვადასხვა სექტორის კავშირს გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პროდუქციის წარმოება-გადამუშავების ხელშეწყობის, ისე – სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, აგროტურიზმის, გასტროტურიზმისა და ღვინის ტურიზმს განვითარების მიმართულებით.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოტურიზმის განვითარებაა, რადგან საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ ეკოტურიზმი ქართული ბუნების მრავალფეროვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა.

დღეს, სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის მოწყობილ ბაზრობაზე, ადგილობრივი ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგენენ როგორც ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ასევე ქართული რეწვის ნიმუშები, რაც ჩვენი სამინისტროს პოლიტიკას პირდაპირ ეხმიანება.
მოხარული ვარ, რომ საქართველო მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებას მასპინძლობს, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდა-განვითარებას და კეთილდღეობას სოფლად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიმართა.
სასოფლო-სამეურნეო გამოფენა “საქართველოს ბანკის”, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები