ევროპარლამენტმა ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ბელორუსის მაღალჩინოსნების, მათ შორის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ამრიგად, ევროპარლამენტი ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას შეუერთდა, რომ ბელორუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია – “ბელორუსის მოქალაქეები სვეტლანა ტიხანოვსკაიას არჩევნებში გამარჯვებულად და არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევენ”.

“რეზოლუცია ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს იმ ადამიანების დროებით წარმომადგენლებად აღიარებს, რომლებიც ბელორუსში დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვენ”.

ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, ბელორუსისთვის ყველა ფინანსური დახმარება გაყინოს, ასევე, საუბარია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მინსკისთვის კრედიტის გაცემაზე.

ამასთან, აღნიშნულია, რომ საჭიროა ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, ევროპარლამენტი მიიჩნევს საჭიროდ იმ ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რომლებიც იძულებულნი არიან, ქვეყანა პოლიტიკური მოტივით დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები