გერმანიის არმიამ ახალი ავტომატი აირჩია – ბუნდესვერი MK556-ით აღიჭურვება
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, გერმანიის არმიას ავტომატებით კომპანია C.G. Haenel მოამარაგებს. სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა ცნობილი გერმანელი ინჟინერი, ჰოგო შმაისერი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ავტომატი StG44 (Sturmgewehr 44) შექმნა.
აღსანიშნავია, რომ, 1959 წლიდან მოყოლებული, გერმანიის ბუნდესვერს ავტომატებით მსოფლიოში ცნობილი კომპანია ბადენ-ბადენიდან – Heckler & Koch -ი ამარაგებდა.
როგორც გერმანული მედია წერს, ბოლო ტენდერში გერმანელმა სამხედროებმა თავიანთი არჩევანი MK556 -ზე გააკეთეს და ამაში ერთერთი გადამწყვეტი C.G. Haenel-ის ავტომატების შედარებითმა სიიაფემ ითამაშა.
MK556-ს კონკურენციას G36 -ის მოდერნიზებული ვერსია უწევდა, თუმცა, როგორც გერმანული მედია წერს, MK556-ი, სიიაფესთან ერთად, ოდნავ უფრო ზუსტი და საიმედო აღმოჩნდა. ადგილობრივი ექსპერტების ინფორმაციით, G36-ის ახალი ავტომატით ჩანაცვლების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც G36 -ს ავღანეთის ცხელ კლიმატში გარკვეული პრობლემები შეექმნა.
ტენდერის პირობების თანახმად, C.G. Haenel ბუნდესვერს 120 ათასი ავტომატით მოამარაგებს და ამაში გერმანელ სამხედროებს 245 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.