შაქარაშვილის საქმის პროკურორი: სასამართლოში გიგა ტატიაშვილმა განმარტა, რომ მის ავტომანქანაში მყოფი ყველა მგზავრი ჩხუბში ჩართული იყო
“სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გიგა ტატიაშვილმა განმარტა, რომ მის ავტომანქანაში მყოფი ყველა მგზავრი ჩხუბში ჩართული იყო”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას რკინის ხელკეტი ნამდვილად ჰქონდა.
„მოწმემ სასამართლოზე მისცა ჩვენება და გააჟღერა ინფორმაცია მისი ჩვენებიდან, რაც გამოძიებაში ჰქონდა მიწოდებული. მოწმემ განმარტა ნიკა ჟვანიას მოქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ: რკინის ხელკეტთან დაკავშირებით მისი მოქნევა კონკრეტული პირის მიმართულებით, რომელიც შემდეგ გაიქცა თბილისის მიმართულებით, მან აღნიშნულის იდენტიფიცირება მოახდინა. ასევე, მოწმემ თქვა, რომ მისი ყველა მგზავრი, მის ავტომობილში მყოფი პირები ჩართულნი იყვნენ ჩხუბში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა შეწყვიტეს ჩხუბი და ჩასხდნენ ავტომობილში. თითოეულ მგზავრთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ იყვნენ ადგილზე, სადაც იყო ჩხუბი, რა დროსაც ერთი პიროვნება წაიქცა და მისი მიმართულებით ხედავდა ხელებისა და ფეხების მოქნევას. მოწმემ დაადასტურა ჩხუბში ყველა პირის ჩართულობა. გიგა ტატიაშვილი არის ამჟამად ბრალდებულის სტატუსით. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პიროვნებას უფლება აქვს, არ მისცეს საკუთარი თავის წინაღმდეგ ინფორმაცია, მან მისი უფლებების დაცვით მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს. მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას ნამდვილად ჰქონდა რკინის ხელკეტი, რომელიც მოიქნია ერთი პიროვნების – კონსტანტინე ღიბრაძის მიმართულებით. მას წარედგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც მოახდინა კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირება”, – განაცხადა პროკურორმა.