კელი დეგნანი: “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დიდი სამუშაო ხორციელდება, ბევრი რეკომენდაციაა გათვალისწინებული
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ემსახურება.
ელჩის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„დიდი სამუშაო ხორციელდება ამასთან დაკავშირებით. პარლამენტი ატარებს სამუშაო შეხვედრებს, რათა გაეცეს პასუხი გარკვეულ კითხვებს, რომლებიც მოდის ვენეციის კომისიისგან, ევროკავშირისა და აშშ-ისგან – იმ პარტნიორებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში უფრო ძლიერი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას. მათი ბევრი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული ამ ახალ კანონპროექტში. დარჩენილია რამდენიმე და იმედი გვაქვს, ეს რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული. ზოგადად, ეს კანონპროექტი ემსახურება სასამართლო სისტემის უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მოსამართლეთა არჩევის მეტ გამჭვირვალობას და მისი მიზანია, მოსამართლეთა არჩევა მოხდეს კვალიფიკაციაზე დაყრდნობით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.