უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, სადაც ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან
ბათუმში მიმდინარე ინტენსიური თერმოსკრინინგი, მათ შორის კომერციულ დაწესებულებებში, კიდევ უფრო გაძლიერდება, ასევე, მოეწყობა სპეციალური საკონტროლო პუნქტები, რაც ბათუმში შემსვლელ-გამსვლელთა თერმოსკრინინგს გულისხმობს, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ბათუმში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ მართვის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომლებიც საბჭოს სხდომას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეუერთდნენ.
ამასთან, ბათუმში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებების მხრიდან გამკაცრებულია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების აღსრულების კონტროლი.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების დინამიკა. აღინიშნა, რომ მთავრობა სრულად მართავს ვითარებას, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადება ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, შეზღუდვები და შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება ლოკალურად, კონკრეტულად იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს იმ სფეროში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ეპიდემიის გამო კიდევ ერთხელ დაწესებულმა შეზღუდვებმა დააზარალა. მთავრობა მუშაობს, რათა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებული იქნება ფრთხილი მიდგომები, რათა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეს საკითხი სპეკულაციის საგანი არ გახდეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაითვალისწინონ დადგენილი რეგულაციები, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან და ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში შესაბამის უწყებებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2758 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1412 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.