ზურაბ პოლოლიკაშვილი: ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და მისი მართვის უნიკალურ შესაძლებლობებს

„ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და ამ პროცესის მართვის უნიკალურ პოტენციალს”, – ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა სასტუმრო „ბილტმორში” UNWTO-ს საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის, მაგრამ დღეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, რადგან პანდემიის შემდეგ პირველად იმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა.

მისივე თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

„ცარიელი ქალაქებისა და დახურული მუზეუმების ნახვა ძალიან ძნელია. ერთადერთი გზა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად არის ჩვენი შემართება და კიდევ ის, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს გაერო-სგან, მადლობა მათ ამ ძალისხმევისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ყველას, ვინც შექმნა მეგობრული ატმოსფერო”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები