ირაკლი მეზურნიშვილი: ცალსახაა, რომ ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს
პარლამენტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი პლენარულ სხდომაზე საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მან ანგარიშში მოყვანილ ფაქტებსა და შეფასებებზე ისაუბრა და ყურადღება იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც ხელისუფლებამ ბოლო წლებში განახორციელა.
„ანგარიშში აღნიშნულია მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება. ცალსახაა, რომ საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის კეთებისთვის. ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეგიონული ლიდერები ვყოფილიყავით ბიზნესის კეთების სიმარტივისა და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ, ზოგადად, გარკვეულ რეიტინგებსა და პოზიციებში მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგებისა და რეფორმების შეფასებაც. დადებით კონტექსტშია წარმოდგენილი ანგარიშში ის რეფორმები, რაც გატარდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და მართლმსაჯულების რეფორმა და ასე შემდეგ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ნაწილი. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოზე იყო შეტევა, მათ შორის, გამოირჩეოდა ,,ნაციონალური მოძრაობა,, და მასთან აფილირებული პარტიები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოეხდინათ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ნაწილში. ცდილობდნენ, შეექმნათ იმიჯი, რომ ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გაეცა და შესაბამისი შეფასება იქნა გაკეთებული. ზოგადად, ანგარიში ძალიან დადებითი და პოზიტიურია და ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშის შემდეგ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურ როლს ითამაშებს და კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიც არის”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.