ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ ბელორუსში “მაიდანის მსგავსი რამ” მოხდეს
“იმ შემთხვევაში, თუ ბელორუსის მთავრობა ხალხთან დიალოგზე უარს იტყვის, ქვეყანამ შესაძლოა, “მაიდანის მსგავსი რამე” მიიღოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wiener Zeitung-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ბელორუს ხალხს ცალსახად უჭერს მხარს, რადგან ადამიანები თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან აგრესიისა და ძალადობის გარეშე.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ არ ისურვებდა, ბელორუსში შექმნილი ვითარება”სისხლიანი აბაზანით” დასრულდეს.
“აქციის მონაწილეთა უმრავლესობა სახელმწიფოს მხრიდან უხეშ მოპყრობას აწყდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს “სისხლიანი აბაზანა”. თუ სახელმწიფო ხალხთან დიალოგზე უარს იტყვის, ბელარუსი მაიდანის მსგავს რაღაცას მიიღებს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ბელორუსის ხალხმა საკუთარი მომავალი თვითონ განსაზღვროს.
“არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში”, – თქვა მან.
ზელენსკის თქმითვე, საჭიროა ბელორუსში ვითარებას სტაბილიზაციის დალოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცხადი, დარჩება თუ არა მინსკი შუამავალი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.