ზაზა ფირალიშვილი: “ნაცმოძრაობა” და მისი მოკავშირეები რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ, უეჭველია

“ცხადია, მოსალოდნელია არჩევნებში რუსეთის სახიფათოდ ჩარევა. ყველა ნიშანია, რომ პრორუსული ძალები წინასაარჩევნოდ არნახულად გააქტიურდებიან”, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მოკავშირეები არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევენ.

“დიდი პოლიტიკური მოძრაობის მიუხედავად, საეჭვოა, ოპოზიციამ პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვან გადაჯგუფებას მიაღწიოს. როგორ ჩანს, ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა ვერ გაიაზრა ის ცვლილება, რომელიც პანდემიამ საზოგადოებრივ განწყობაში შეიტანა. დასანანია, რომ არ გამოჩნდა ისეთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ახალი ვითარების ადეკვატური იქნება. პოლიტიკური რელიეფის მნიშვნელოვანი გარდაქმნის შანსი იყო 2019 წლის ახალგაზრდული გამოსვლები, მაგრამ ახალგაზრდებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი გამოცდილება, ხოლო ოპოზიციის დიდ ნაწილს იოლი და სწრაფი რევოლუციური ცვლილების ცდუნება მოეძალა და ნაცვლად იმისა, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომისა და უმრავლესობის ლიდერის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მოძრაობისთვის უფრო რაციონალური სახე მიეცა, აქციები უსასრულოდ, მანამდე გაიჭიმა, სანამ, მოძრაობამ ენერგია არ დაკარგა. ვფიქრობ, ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა “ნაციონალების” დღევანდელი ლიდერების რადიკალურმა სტრატეგიამ. შედეგად ის მივიღეთ, რომ, გამარჯვებული ახალგაზრდული მოძრაობის ნაცვლად, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ახალი სული შთაებერა, პროცესები განელდა და გაქრა. ამასობაში “კოვიდმაც” იჩინა თავი.

რაც შეეხება სააკაშვილს – მისი ჩამოსვლა ძალზე საეჭვოა. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მოკავშირეები რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ, უეჭველია. სააკაშვილის განცხადებები “ოცნების” მომხრეების უფრო მეტად მობილიზებას უწყობს ხელს.

ცხადია, მოსალოდნელია არჩევნებში რუსეთის სახიფათოდ ჩარევა. ყველა ნიშანია, რომ პრორუსული ძალები წინასაარჩევნოდ არნახულად გააქტიურდებიან. რუსი ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, პუტინი აღარც მალავს ქვეყნის სათავეში თავისი ყოფნის დიდ ისტორიულ მისიას – XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის იმპერიის აღდგენის იდეას. ეს იმდენად აშკარაა, რომ რუსეთის მეზობელ ყველა ქვეყანაში უკვე ეჭვით უცქერენ მის ნებისმიერ ნაბიჯს. გარდა ამისა, იმპერიის აღდგენის იდეამ თავად პუტინის გარემოცვაში გააჩინა მასზე აგრესიული პირები. მათ პუტინის “ზომიერება” აღარ მოსწონთ. ამიტომაც, ის ხვდება, რომ თუ უახლოეს მომავალში თავის ისტორიულ როლს არ გაამართლებს, ახალი თაობის იმპერიული რევანშისტები თავიდან მოიშორებენ. პუტინის მიზანია, უახლოეს ხანებში მოაგვაროს უკრაინისა და ბელარუსის პრობლემები და საქართველოს არჩევნებში მის მიმართ ლოიალური ძალების გამარჯვებას მიაღწიოს. ამიტომაც, არ დააკლებს ძალისხმევას და ქვეყნის განვითარების ვექტორების შეცვლას შეეცდება. ბედად, მისი ჩვენებური პარტნიორები არ არიან ისეთი პოტენციალის მქონენი, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ.

აფხაზეთში “პატრიოტთა ალიანსის”  ვიზიტსაც მინდა, შევეხო. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია თანამიმდევრულად ეწევა საბჭოთა ნოსტალგიისა და პრორუსული განწყობის მოქალაქეთა მობილიზებას და ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. საქმე ამ განწყობების მქონეთა რაოდენობა კი არ არის, არამედ – მათი მობილიზების ხარისხი. არჩევნებთან დაკავშირებული რუსული პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინაში მსგავსია. ჯერ წინა პლანზე იწევენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პატრიოტული რიტორიკითა და ეროვნული იდეის ერთგვარი ხალხური ვერსიით ოპერირებენ და ამით იქცევენ ამ განწყობის მქონე ხალხის ყურადღებას. როგორც ჩანს, შორს არ არის დრო, როცა აშკარა პრორუსულ რიტორიკასაც მოვესწრებით. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენმა მედასავლეთე პოლიტიკური ძალების დიდმა ნაწილმა თავისი იდეოლოგიური სნობიზმით პატრიოტული რიტორიკა და ეროვნული იდეა ლამის მთლიანად პრორუსულ ძალებს გადააბარა. მათ არ ეყოთ ინტელექტუალური ძალები, რათა თანამედროვე სამყაროსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში რიგითი მოქალაქისთვის ეროვნული იდეის ახალი პერსპექტივები დაენახებინათ და არ დაეშინებინათ “პროდასავლურობის” მისთვის კულტურულად უცხო ფორმებით. ისინი ვერ გამოვიდნენ ქვეყნის განმანათლებლების როლიდან, ამით კი რუსული პროპაგანდა კარგად სარგებლობს. კიდევ ერთხელ ვიკითხავ: ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი იდეოლოგიური სნობიზმი?

უკვე სამი ათწლეულია, ლაპარაკია ლუსტრაციის კანონის აუცილებლობაზე. ეს თემა ხანგამოშვებით ცხოველდება, თუმცა კი იოლადაც მიეცემა დავიწყებას. არადა, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ცხადია, ყოვლისმომცველ ლუსტრაციაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, უმაღლესი პარტიული მოხელეების, უმაღლესი თანამდებობის პირების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირების ლუსტრირების გარეშე მუდმივად წავაწყდებით ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების ლამის დაუფარავ საბოტაჟს. ლუსტრაცია უპირველესად უნდა შეეხოს იმ ქვეყნის აგენტურას, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და დღეს აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ვინც მუდმივად ჰაკერულად თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს თუ სტრატეგიულ ობიექტებს და ვინც დაუფარავად აცხადებს, რომ მისი მიზანია, ოცდაათი წლის წინანდელი მახინჯი გეოპოლიტიკური წარმონაქმნის აღდგენა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ასე თავისუფლად ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვას, ანაკლიის პორტისა და შავი ზღვის ფსკერზე ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანი პროექტების პარალიზებასა და ა.შ. ლუსტრაციის გარეშე ჩვენ დიდხანს ვიტრიალებთ ერთ ადგილზე, ისევ და ისევ ვარაუდებში გახლართულნი”, – განაცხადა ფირალიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები