მარინა ეზუგბაია: გორსა და მატანში ინფიცირების შემთხვევები გორში გამართულ, 100-კაციან ქორწილს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გორსა და სოფელ მატანში ინფიცირების შემთხვევები 5 სექტემბერს გორში გამართულ, 100-კაციან ქორწილს უკავშირდება.

„გორში 5 სექტემბერს კვლავ ჩატარდა 100-კაციანი ქორწილი, რაც გახდა მიზეზი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირებისა. მოსახლეობას, მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ, დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ, თუ არა და, მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რაც კიდევ უფრო ცუდად წაადგება სიტუაციას“, – განაცხადა ერზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კახეთის სკოლაში გამოვლენილ შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ უკვე მოძებნილია კონტაქტები და ყველა იზოლირებულია.

„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კახეთში სკოლაში იყო დაინფიცირების შემთხვევები, უნივერსიტეტის შემთხვევაში უკვე მოძებნილია კონტაქტები და ყველა იზოლირებულია. რაც შეეხება კახეთის სკოლას, კიდევ კარგი, რომ არ არის სწავლის დაწყების პერიოდი, ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა, ეს სიტუაციაც უკვე მართვადია. ძალიან დიდი სამუშაოები მიდის ქვეყანაში და იმედია, რომ სიტუაცია მოწესრიგდება, კონტროლირებადია ყველა რეგიონი. იმედია, მალე განხორციელდება რისკ-ჯგუფების ლოკალიზება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები