“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გზავნილია როგორც ამერიკელი ინვესტორებისათვის, ისე – ყველასათვის, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ, საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები”
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში წარმოადგენს არა მხოლოდ შეფასებას, ფაქტობრივად ეს არის გზავნილი როგორც ამერიკელი ინვესტორებისათვის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ყველასათვის, რომ საქართველოში შეიძლება ბიზნესის კეთება, ვინაიდან საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიციები.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ეს ანგარიში, ჩემი აზრით არის დოკუმენტი, რომლითაც უნდა იამაყოს არა მხოლოდ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, არამედ თითოეულმა ქართველმა, ვინაიდან ეს არის დოკუმენტი რომელშიც არა მხოლოდ დეტალურად არის აღწერილი ყველა ის პოლიტიკური პროცესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებდა, არამედ დადებითი შეფასებები მიეცა საქართველოს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმოადგენს არა მხოლოდ შეფასებას, ეს ფაქტობრივად არის გზავნილი როგორც ამერიკელი ინვესტორებისთვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი, ჩამოვიდნენ და აკეთონ აქ ბიზნესი, რომ გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ამ ანგარიშში მოვისმინეთ, და სხვათა შორის შედარებებიც კი ძველ ხელისუფლებასთან, თუ რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა, არის ეს კერძო საკუთრების კუთხით, საინვესტიციო გარემოს კუთხით, ბიზნესის კეთების გარემოს კუთხით – პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა. ამავე დროს ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას და მიუხედავად მცდელობებისა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავიანთი პარტიული მიზნების გამო ცდილობენ ქვეყანას შეულახონ სახელი, ეს მცდელობა არის უშედეგო და სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ასე ვთქვათ, საბოლოდ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ეს ეხება როგორც ბიზნეს დავებს, საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების გარემოს, სიტყვის თავისუფლებას, კონკრეტულ ფაქტებსაც, მაგალითად, პარლამენტში შეჭრის მცდელობას, რომელზეც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს”.
მისივე თქმით, ასე იქნებოდა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში, სადაც მცდელობა ექნებოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკანონოდ შეჭრის მცდელობას – სამართალდამცავებს ევალებათ და ვალდებულიც არიან კანონის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება.