მამუკა მდინარაძე: ასეთი უაღრესად პოზიტიური შეფასება ქვეყნის გამარჯვებაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ, აშშ-ის მთავრობის ანგარიშს გამოეხმაურა.
„ჩვენი ქვეყანა წარმატებით მიდის წინ. რაც ყველაზე გასახარია, ამას აღნიშნავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და, შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს მაინცდამაინც მიკუთვნება ერთ პარტიაზე. ქვეყანა მიდის წინ, ქვეყანა ვითარდება და ამის აღნიშვნა ერთიორად სასიამოვნოა.
ამ სპეკულაციებსაც წერტილი დაესვა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთელი წლის განმავლობაში ე.წ. ნეგატიური პიარი ე.წ გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პოზიციამ ძალას გადააჭარბა, უკანონოდ მოიქცა და ასე შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და პოლიციის მოქმედება იყო კანონიერი.
დასკვნა ყველა მიმართულებით არის პოზიტიური. არის გამოწვევებზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ამ მიმართულებითაც ბრძოლასა და მუშაობას და, ბუნებრივია, ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიქნებით ისევე ადეკვატურები, როგორც – სხვა საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.