მამაკაცს, რომელმაც მძინარე ყოფილი მეუღლე ნაჯახით მოკლა, თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიესაჯა

გენდერის ნიშნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს თავისუფლების 16 წლით  აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ. ლ. დამნაშავედ ცნო.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ, გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს – ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა. სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ლ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა”, –  ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები