პოლიცია ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო. მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს პოლიცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებიან.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგსა და ტესტირების პროცესს უწევს მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ არის შეზღუდული და არც მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები არ ამოქმედებულა.