„ახალგაზრდა ადვოკატები: ქართულ კომპანიებს არ სურთ, უპასუხონ, ჰყავთ თუ არა დასაქმებული არასრულწლოვნები
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კერძო სექტორში არასრულწლოვანთა დასაქმების საკითხის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი გარემოს შეფასებაზე, შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიები არ საუბრობენ, ჰყავთ თუ არა დასაქმებული არასრულწლოვნები, რამდენი მათგანია 16 წლამდე ან/და 14 წლამდე, რამდენია დასაქმებულთა რიცხოვნება, რამდენ მათგანთანაა დადებული წერილობითი ან/და ზეპირი შრომის ხელშეკრულება. ორგანიზაცია საკითხს ბავშვის უფლებების კოდექსის მოთხოვნებთან მიმართებით განიხილავს, რა დროსაც, სახელმწიფო 2020 წლის 1 სექტემბრიდან ვალდებულია, შექმნას შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე უწყება, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რაც პრობლემის მოწესრიგების ინსტიტუციურ გადაწყვეტას წარმოადგენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, შესწავლის ფარგლებში, გამოიკითხა ის ცნობილი ქართული კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ კვებითი პროდუქტების, სარესტორნო, ნავთობისა და ფარმაციის სფეროში. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა, მონიტორინგში მონაწილე კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ საზოგადოებისთვის სანდო და ცნობილი, მონაწილე კომპანიები არ უნდა შეადგენდნენ სამომხმარებლო ერთ სფეროს და კომპანიებს უნდა ჰქონოდათ მსხვილი გადამხდელის სტატუსი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციამ ოფიციალური წერილით მონიტორინგის ფარგლებში მიმართა შემდეგ ცნობილ კომპანიებს: „გალფი“, „ვისოლი“, „სოკარი“, „ლუკოილი“, „შარბათი“, „ფუნიკულიორი“, „თავადური“, „ჭაშნაგირი“, „ქართული სახლი“, „რუმსი“, „ქორთიარდ თბილისი“, „რედისონი“, „ბრიტანული სახლი“, „ნიკორა“, „გუდვილი“, „სპარი“, „კარფური“, „სმარტი“, „ფუდმარტი“ და „ორი ნაბიჯი“. სულ – 20 კომპანიას, რომელთაგან 5 მონიტორინგის პროცესში მიიღო მონაწილეობა, 8 კომპანიასთან შედგა კომუნიკაცია, მაგრამ შესწავლის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო 5 კომპანიასთან კომუნიკაცია არ შედგა, მაგრამ მათ შესწავლის შესახებ ეცნობათ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესს წარმოადგენდა შემდეგი სახის ინფორმაციის მიღება, ვინაიდან არსებული პრაქტიკით, ყველაზე მეტად, არასრულწლოვნები, სწორედ დასახელებულ სამომხმარებელო სფეროშია დასაქმებული, მათთან არ არსებობს კანონით გათვალისწინებული შრომითი კონტრაქტები და მოწესრიგებული არ არის სამართლებრივი მხარე, რომელის დაცვასაც კანონი ადგენს.
• ინფორმაცია, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის მდგომარეობით, არის თუ არა დასაქმებული კომპანიაში არასრულწლოვნები, რამდენი მათგანია 16 წლამდე ან/და 14 წლამდე, რამდენია დასაქმებულთა რიცხოვნება, რამდენ მათგანთანაა დადებული წერილობითი ან/და ზეპირი შრომის ხელშეკრულება;
• ინფორმაცია, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იყო თუ არა დასაქმებული კომპანიაში არასრულწლოვნები, რამდენი მათგანი გახლდათ 16 წლამდე ან/და 14 წლამდე, რამდენი იყო დასაქმებულთა რიცხოვნება, რამდენ მათგანთანა იყო დადებული წერილობითი ან/და ზეპირი შრომის ხელშეკრულება;
• დასაქმებულ არასრულწლოვნების სამსახურეობრივი პოზიცია;
• დასაქმებული არასრუწლოვნების დასაქმების გრაფიკი და დროის ხანგრძლივობა;
• კანონით დადგენილი რა შეღავათებით სარგებლობს კომპანიაში დასაქმებული არასრულწლოვნები;
• რამდენს შეადგენს დასაქმებული არასრულწლოვნების ხელზე ასაღები შრომითი ანაზღაურება;
• არასრულწლოვანთან დადებული ერთი შრომითი ხელშეკრულება, დასაქმებულის იდენტიფიცირების გარეშე.