სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას ანგარიშებს ხშირად უძღვნის. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივად დარღვევაზე პასუხისმგებლობა ცალსახად რუსეთის ფედერაციას ეკისრება, ადგილზე ეფექტურ კონტროლს ხომ სწორედ რუსული მხარე ახორციელებს.
ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს ადამიანის უფლებების მონიტორინგზე მომუშავე არცერთ ორგანიზაციას. უფრო მეტიც, შეთანხმების მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებული რეგიონების მარიონეტი ხელისუფლებები მანდატის შესრულების უფლებას არ აძლევენ.
ალბათ, ყველას ახსოვს 2019 წლის ოქტომბერი. ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების შეიარაღებულმა თანამშრომლებმა ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები დააკავეს, რომლებიც მხოლოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. მისიას არა მხოლოდ რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ, არამედ მათ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად სოფლებშიც კი ხელს უშლიან საქმიანობის შესრულებაში.
ასეთ პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას ოკუპირებული გალის რაიონი იპყრობს, როგორც რეგიონში ეთნიკური ქართველებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი. საოკუპაციო ძალებს ყველაზე მეტად სწორედ გალელი ქართველები არ უყვართ და აშინებთ. ამიტომაც, ოკუპანტები მათ განსაკუთებულად ამცირებენ და ავიწროებენ.
გალელი ქართველების იძულებითი ასიმილაცია 90-იანი წლებიდან დაიწყო. მიზანი მარტივია – ეთნიკური ქართველებისთვის ცხოვრება მაქსიმალურად აუტანელი ან შეუძლებელი უნდა გახდეს. რუსეთი ქართველებს რეგიონის დატოვებას აიძულებს, რომ მათ მოსკოვს აფხაზეთის საბოლოოდ ჩაყლაპვის გზაზე ხელი არ შეუშალონ. მათ კი, ვინც დარჩენას გადაწყვეტს, ყველაფერი ქართულის დავიწყებას სთხოვენ.
რუსიფიკაციის პროცესში განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ამიტომაც 1995 წლიდან ოკუპირებული გალისა და მიმდებარე სოფლების რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლის გეგმის შესრულება დაიწყო. სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე ოკუპირებული გალის რაიონში 58 სკოლა ფუნქციონირებდა, საიდანაც მხოლოდ ორში მიმდინარეობდა სრულად რუსულ ენაზე სწავლება. 1992-93 წლების რუსეთ-საქართველოს ომის დროს სკოლების ნაწილი დაიწვა. ომის შემდეგ მხოლოდ 31 სკოლაში აღდგა სასწავლო პროცესი.
1994 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონი დაანაწევრა და მისი რამდენიმე სოფელი ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებს მიაკუთვნა, თვითონ გალის რაიონი კი „ზედა“ და „ქვედა“ ზონებად დაყო. შედეგად, ტყვარჩელის რაიონს მიკუთვნებული აღმოჩნდა გალის რაიონის 10 სკოლა, ხოლო ოჩამჩირის რაიონს – 1 სკოლა. გალის „ზედა ზონაში“ აღმოჩნდა 9, ხოლო „ქვედა ზონაში“ – 11 სკოლა. ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების პროცესიც ეტაპობრივად განხორციელდა, ზონების მიხედვით. თავდაპირველად, ქართული ენის უცხო ენად სწავლების მეთოდი შემოიღეს, შემდეგ საათები შეამცირეს, მერე კი ბოლომდე აკრძალეს.
განათლების უფლების შეზღუდვის პარალელურად, 2013 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად ქართველებისთვის მიცემული პასპორტები უკანონოდ ცნეს და ჩამორთმევა მოითხოვეს. გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის, დაახლოებით, 26 000-მა მაცხოვრებელმა დაკარგა პასპორტი, ხმის მიცემისა და საკუთრების უფლება. ბავშვებს მშობლიურ ენაზე სწავლა აუკრძალეს, მშობლები კი „პოლიტიკურ“ პროცესებს ჩამოაშორეს.
2015-2016 წლებიდან ოკუპირებულ გალის რაიონში ყველა სკოლა სრულად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. ბუნებრივია, დაიხურა ქართული სკოლებიც, მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის სიახლოვეს არსებულ სკოლებში სწავლობდა, გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს.
სახელმძღვანელოები ახლა რუსეთიდან ჩამოაქვთ. დოკუმენტაციის წარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობს, ბავშვებს ატესტატში სწორედ ეს ენა ეწერებათ მშობლიურად. დაითხოვეს ყველა ქართული სკოლისა და თუ ბაღის მასწავლებელი და დირექტორი. ისინი რუსეთის უნივერსიტეტებში ნასწავლი ადამიანებით ჩაანაცვლეს. გალელებს იმასაც აიძულებენ, რომ ერთმანეთთანაც რუსულად იურთიერთონ. ადგილზე რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) თანამშრომლები მუდმივად აკვირდებიან ქართველებს. სხვადასხვა ინტერვიუში, ვინაობის გამჟღავნების გარეშე, ქართველები იმასაც ამბობენ, რომ სკოლებსა და ბაღებში რუსული სპეცსამსახურები, პერიოდულად, რეიდებს ატარებენ და შემდეგ თავიანთ ბატონს, პუტინს ანგარიშს აბარებენ. ხალხი მუდმივ სტრესშია. მშობლები საუბრობენ, როგორ აიძულებენ მათ ქართველ შვილებს სამხედრო თემატიკის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, აფხაზური „ჰიმნის“ შესრულებას, სამხედრო ფორმებში გამოწყობასა და ქართველებზე გამარჯვების აღნიშვნას.
2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მაშინდელი მოადგილე, დიმიტრი გვარამია „სპუტნიკ“-თან საუბარში აცხადებდა, რომ „ქართული სახელმძღვანელოები არა მარტო მავნეა აფხაზეთში მცხოვრებთათვის, არამედ საშიშია აფხაზეთის სახელმწიფოსთვის.“ თუმცა, ხომ ნათელია, რომ სახელმწიფოებს წიგნები არ აშინებთ, არც ეთნიკური ჯგუფების თვითგამოხატვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები ეპრობლემებათ. ეს სირთულეს მხოლოდ ისეთი ვითომ „სახელმწიფოებისთვის“ შეიძლება, წარმოადგენდეს, როგორებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებია.
რუსეთის ვასალი ხელისუფლებები ქართულ წიგნებს უშინდებიან და პუტინის ბაზებს ყველა ქუჩის კუთხეში აშენებენ. როგორც უნდა ეცადოს პუტინი ისტორიის გადაწერასა და პარალელური რეალობის შექმნას, აფხაზეთიც და ცხინვალიც საქართველოს ნაწილია და ისტორიული სამართლიანობა ადრე თუ გვიან, აღდგება. რუსეთს კი ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის თითოეულ ფაქტზე პასუხი აუცილებლად მოეკითხება.
ნანა პატარაია