დავით ჭიჭინაძე – სააკაშვილის განცხადებაზე: ამ კაცს ისეთი ასაკი არ აქვს, ბოდვებში რომ გადადიან ხოლმე, მაგრამ უკვე სულ ბოდავს

“როგორც ჩანს, სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ კარგად დათვალა, რამდენი დარჩა ამ ქვეყანაში მოსაპარი და ეტყობა, 2 წელიწადში მოასწრებენ მოპარვას”, – ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის საქართველოში ჩამოვა და პრემიერობას 2 წელს აპირებს.
ჭიჭინაძემ განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ამ კაცს ასაკი არ აქვს ისეთი, ბოდვებში რომ გადადიან ხოლმე, მაგრამ, პრინციპში, უკვე სულ ბოდავს. წამლების სიძვირეზე გველაპარაკება და მთავარი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი, რომელიც ამ ქვეყანაში ერთერთი ყველაზე ძვირიანი წამლების გამსაღებელია, გვერდში დაიყენა. როცა სამართლიანობაზე გველაპარაკება, ვანო მერაბიშვილი დაიყენა და ის აქცია ისევ პარტიის ხერხემლად. ანუ გამოდის, რომ ისევ გაცვეთილი სახეები ჰყავს. სად წავიდა ის ხალხი, ვინც ოდესაში მიჰყავდა და ვითომ ახალ პოლიტიკურ ძალას ამზადებდა? ვხედავთ, რომ ის ახალგაზრდები არსად ჩანან. ისევ იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ხან ერთ ნავში სხედან, ხან – მეორეში; რომლებიც ქვეყნის ძარცვაში მონაწილეობენ. რაც შეეხება მის სურვილს 2 წლით პრემიერობაზე – როგორც ჩანს, დათვალა კარგად მისმა პოლიტიკურმა ძალამ, რამდენი დარჩა ამ ქვეყანაში მოსაპარი. ეტყობა 2 წელიწადში მოასწრებენ მოპარვას და მერე მოგვიგდებენ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ეს ამ ქვეყანაში აღარ მოხდება. როცა ამბობს, რომ ის მიშა აღარ არის, უნდა გაიგოს, რომ ის მიშა ნამდვილად აღარ არის. ის ქართველ ხალხს არ უნდა. სააკაშვილის აქ დაბრუნება არ იქნება, როგორც პოლიტიკოსის. პირიდაპირ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგისთვისაც კი მიუღებელია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

„ვიქნები პრემიერმინისტრი არა სრული ვადით, არამედ, მაქსიმუმ 2 წელიწადს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები