“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებსა და ბრალდებებს, ვითომდა, საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი მზადაა, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით გააგრძელოს რეფორმები.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. რეფორმები, რომლებიც გავატარეთ, იყო სწორი და შედეგიანი. გლობალური პანდემია რთული გამოწვევაა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას.
„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებსა და ბრალდებებს, ვითომდა, საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 170 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.