კახაბერ კუჭავა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, კლარა დობრევს ესაუბრა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ, ვიდეოზარის ფორმატში, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტთან, კლარა დობრევთან შეხვედრა გამართა.
ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებითა და წინასაარჩევნო პროცესებით დაინტერესდა. კახაბერ კუჭავამ კლარა დობრევს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო, რომელიც ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
„ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ვიდეოზარის ფორმატში, 8 მარტის შეთანხმების თანახმად, მომზადებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე ინფორმაცია გავაცანი. კლარა დობრევმა მმართველი პარტიის მიერ გატარებული ღონისძიებების მიმართ კმაყოფილება გამოთქვა და ამ ცვლილებების მისაღებად გამართულ კენჭისყრაში ოპოზიციის არ მონაწილეობის გამო გაკვირვება გამოხატა. შეხვედრაზე ვიცეპრეზიდენტი დობრევი წინასაარჩევნო კამპანიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი სამაგალითო არჩევნები იქნება, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარდება”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესა და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს შორის აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მსგავსი ფორმატის ბოლო შეხვედრა მხარეებს შორის ერთი თვის წინაც გაიმართა.