ჩეხეთის პრემიერი ჯანმო-ს ,,კოვიდ19,,-თან დაკავშირებით რეკომენდაციების ნაწილში გაჩუმებას ურჩევს
ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ურჩია, კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემისგან თავი შეიკავოს, რადგან თავის დროზე არც პირბადეებს გამოყენების რეკომენდაციით გამოდიოდა და, საერთოდაც, პანდემიის შესახებ ყველაზე გვიან შეიტყო.
ამის შესახებ ბაბიშმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
მიმდინარე კვირას ჯანმო-ს ჩეხეთის განყოფილებამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის მატებაზე გაამახვილა ყურადღება და რიგი რეკომენდაციებით გამოვიდა.
“ეს ჯანდაცვის ის მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც ნიღბების რეკომენდაციით არ გამოდიოდა და საერთოდაც არ იცოდა, რომ პანდემია იყო. ვფიქრობ, ის უნდა გაჩუმდეს”, – დაწერა პოლიტიკოსმა.
ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ჯანმო-ს მხრიდან გამოთქმული კრიტიკა უმისამართოა და რომ ქვეყნის მთავრობა ვითარებას უმკლავდება.
ბოლო ერთ დღეში ჩეხეთში 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის მონაცემებზე ნაკლებია. ამჟამად ქვეყანაში 8424 ინფიცირებულია, მათ შორის 214 კლინიკებში მკურნალობს, მათგან 54-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან ჩეხეთში კორონავირუსის 28 716 დადასტურებული შემთხვევაა, 437 პირი გარდაიცვალა, 19 855 განიკურნა.